ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აქციაზე დაკავებული სომხეთის მოქალაქე თავისუფალია – სომხეთის ომბუდსმენის მადლობა ლომჯარიას

25 ივნისი, 2019 • 1250
აქციაზე დაკავებული სომხეთის მოქალაქე თავისუფალია – სომხეთის ომბუდსმენის მადლობა ლომჯარიას

თბილისში საპროტესტო აქციის დროს პარლამენტის შენობასთან პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით  დაკავებული სომხეთის მოქალაქე მინას მინასიანი გაათავისუფლეს. ამის შესახებ სომხურ მედიასთან სომხეთის სახალხო დამცველმა, არმან ტატოიანმა განაცხადა.

თბილისში აქციების დროს დაკავებულთა შორის სომხეთის მოქალაქეცაა

სომხეთის ომბუდსმენი მადლობას უხდის ქართველ კოლეგას, ნინო ლომჯარიას სომხეთის მოქალაქეების უფლებების დაცვის საკითხში თანამშრომლობისა და თანმიმდევრულობისთვის.

ტატოიანმა გუშინ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სწორედ საქართველოს სახალხო დამცველმა შეატყობინა მას აქციებზე სომხეთის მოქალაქის დაკავების შესახებ.

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი