ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თბილისში აქციების დროს დაკავებულთა შორის სომხეთის მოქალაქეცაა

24 ივნისი, 2019 • 1531
თბილისში აქციების დროს დაკავებულთა შორის სომხეთის მოქალაქეცაა

თბილისში აქციების დროს პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით სომხეთის მოქალაქეც დააკავეს. ამის შესახებ პირველად სომხეთის ომბუდსმენმა არმენ ტატოიანმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.

როგორც სომხეთის სახალხო დამცველი ამბობს, დაკავებული სომხეთის მოქალაქის [რომლის პირადი ინფორმაცია არ გასაჯაროებულა] შესახებ მას  საქართველოს ომბუდსმენმა, ნინო ლომჯარიამ აცნობა.

როგორც ის წერს, სომხეთის მოქალაქე 13 დღე პატიმრობაში იქნება.

“მადლობელი ვარ ჩემი კოლეგის თანამშრომლობისთვის და ეფექტური ერთობლივი მუშაობისთვის. ჩვენს ქართველ მეგობრებს ვუსურვებ სიტუაციის სწრაფ და მშვიდობიან დარეგულირებას”, – აცხადებს არმენ ტატოიანი.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ნეტგაზეთთან ასევე ადასტურებს სომხეთის მოქალაქის დაკავების ფაქტს და აცხადებს, რომ ის უკვე მოინახულეს აპარატის თანამშრომლებმა და კომუნიკაცია აქვთ სომხეთის ომბუდსმენის ოფისთან.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი