“საქართველო ყველა სეზონზე საუკეთესოა!” – კაშია ტურიზმის მხარდამჭერ კამპანიას უერთდება

საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი და არნემის ვიტესის ყოფილი კაპიტანი გურამ კაშია “ინსტაგრამზე” აუდიტორიას მიმართავს და საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. ამ ფორმით ის შეუერთდა კამპანიას საქართველოს ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად, რომელიც რუსეთის “ტურისტული ემბარგოს” საპასუხოდ დაიწყო.

“მსოფლიოს გარშემო მიმოგზაურია, მაგრამ ქართულ საჭმელთან ახლოსაც კი ვერაფერი მოდის. ვფიცავ, არც კი იცით, რა გელით.

ბათუმის ლამაზი არქიტექტურა ზღვასთან ერთად, ზამთარში კი – სრიალი! საქართველო ყველა სეზონზე საუკეთესოა!

ჩემო ნიდერლანდელო მეგობრებო: წადით საქართველოში და საბოლოოდ ნახეთ ნამდვილი მთა(მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ბრტყელი ქვეყანაც მიყვარს)” – წერს ის და გამომწერებს მიმართავს, თუ საქართველოში უმოგზაურიათ, შთაბეჭდილებები კომენტარებში დატოვონ. ბოლოს კი დასძენს:

“P.S. ლეგენდის თანახმად, თქვენი კაპიტნის მაისურები იქ უფრო იაფია :( ”


საქართველოში 20 ივნისს დაიწყო ანტიპუტინური აქციები, სადაც საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენება მოითხოვეს. რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

ავიარეისების გაუქმების გამო ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ. მისი თქმით, “პუტინმა გადაწყვიტა ქართველები დასაჯოს, რადგან იქ ქუჩის აქციები იმართება.” “პუტინმა აკრძალა ავიარეისები საქართველოსთან. ახლა ძალიან ბევრ რუსს არ შეუძლია წავიდეს იქ იაფად და ხარისხიანად დასასვენებლად. კითხვა: რატომ გადაწყვიტა პუტინმა რუსების დასჯა ქართველების პროტესტისთვის?”, – წერს ნავალნი ტვიტერზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან