ახალი ამბები

სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე სასამართლომ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დამნაშავედ ცნო

17 დეკემბერი, 2014 •
სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე სასამართლომ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დამნაშავედ ცნო

საქმე 2012 წლის მოვლენებს ეხება, როდესაც ჩაჩიბაია დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, მისი დაკავება პოლიტიკური შეხუდლებების გამო მოხდა, რადგან  სერგო ჩაჩიბაია კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. ჩაჩიბაია 2013 წლიდან თავდაცვის სამინისტროში მუშაობს, იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა.

 

“სასამართლოზე დადგენილ იქნა, რომ 2012 წლის მარტში ემზარ მაისურაძემ და გელა ნაროუშვილმა, ოთარ მოვსესიანისა და სხვა პირების დახმარებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საქმიანობის ხელის შეშლის და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი აქტიური წევრი სერგო ჩაჩიბაია, ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, კონფლიქტური სიტუაციის ინსცენირების შედეგად, უკანონონოდ დააკავეს”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

საგამოძიებო უწყების განცხადების თანახმად, 2012 წელს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით ე.მაისურაძემ თანმხლებ პირებთან ერთად განზრახ დააზიანა სამსახურებრივი ქურთუკი და პოლიციის სამსახურებრივი ავტომანქანის სავარძელი, რაც  შემდეგში სერგო ჩაჩიბაიას მიერ, თითქოსდა პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ერთ-ერთი მტკიცებულება გახდა. შედეგად სერგო ჩაჩიბაიას  353-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის ზომად  4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ, პროკურატურამ სერგო ჩაჩიბაიას საქმის გამოძიება დაიწყო და შედეგად შს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ყოფილი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ემზარ მაისურაძეს, ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ყოფილი უბნის ინსპექტორების  განყოფილების უფროს-გამომძიებელს გელა ნაროუშვილს და მოქალაქე ოთარ მოვსესიანს  ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით ქონდათ წარდგენილი.

 

სასამართლომ  პროკურატურის ბრალი გაიზიარა და ემზარ მაისურაძეს დანაშაულთა ერთობლიობით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რომელსაც საბოლოოდ ამნისტიის აქტის გამოყენებით სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა,  ასევე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.  გელა ნაროუშვილს დანაშაულთა ერთობლიობით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და  საბოლოოდ ამნისტიის აქტის გამოყენებით სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა,  ასევე  1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.  ოთარ მოვსესიანს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა,   საბოლოოდ კი, ამნისტიის აქტის გამოყენებით სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. რაც შეეხება გელა ნაროუშვილი და ოთარ მოვსესიანს, ისინი მიმალვაში იმყოფებიან და მათზე გამოცხადებულია ძებნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი