ახალი ამბები

ევროკავშირის ელჩი მიესალმება 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას

24 ივნისი, 2019 • 1218
ევროკავშირის ელჩი მიესალმება 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიესალმება მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ. ამის შესახებ მან ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ “დიალოგი, კონსულტაცია და კომპრომისი აუცილებელია საქართველოს საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად”.

“ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მივესალმებით ქართული ოცნების ხელმძღვანელობის დღევანდელ განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შესახებ, რომლებიც 2020 წლის არჩევნების სრულად  პროპორციული სისტემით  ჩატარებას ითვალისწინებს.

ეს შესაძლებლობას მისცემს ყველა დაინტერესებულ მხარეს, შეიკრიბოს და შეთანხმდეს ისეთ სამომავლო ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიას და პლურალიზმს განამტკიცებს. ველით, რომ დაიწყება ფართომასშტაბიანი საკონსულტაციო პროცესი და ყველა მხარეს მასში ჩართვისკენ მოვუწოდებთ”, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი და აქვე ამახვილებს ყურადღებას ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციების დროულად შესრულების მნიშვნელობაზე.

კარლ ჰარცელი ასევე უსვამს უსვამს ხაზს თბილისში 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენების გამჭვირვალედ და სწრაფად გამოძიების საჭიროებას სახალხო დამცველის მონაწილეობით.

“მივესალმებით მზადყოფნას, რომ 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები გამოძიებულ იქნას იმ მოწოდებების შესაბამისად, რომლებიც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის და სხვათა მიერ იყო გამოთქმული”, – აცხადებს ის.

ევროკავშირის ელჩის თქმით, დემონსტრაციები მშვიდობიანად უნდა გაგრძელდეს. ის მოუწოდებს ყველა მხარეს, კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ.

2020-ში ჩატარდება პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით – ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი