ახალი ამბები

ღვინის ეროვნული სააგენტო:  საფუძველი არ არსებობს, ქართული ღვინის ხარისხი ეჭვქვეშ დადგეს

24 ივნისი, 2019 • 2283
ღვინის ეროვნული სააგენტო:  საფუძველი არ არსებობს, ქართული ღვინის ხარისხი ეჭვქვეშ დადგეს

ღვინის ეროვნული სააგენტო ეხმაურება რუსეთის შესაბამისი უწყების განცხადებას ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დადგეს ქართული საექსპორტო პროდუქციის ხარისხი.

რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველმა უწყებამ (როსპოტრებნადზორი) 24 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოდან რუსეთში შეტანილი ღვინისა და სხვა ალკჰოლური სასმელების ხარისხი წლიდან წლამდე უარესდება, რის გამოც აძლიერებს კონტროლს ქართულ პროდუქციაზე.

საპასუხოდ  საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ქართული ღვინის ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია:

“ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი ზრდის პარალელურად,  ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული ღვინის ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას. საქართველოს მეღვინეობის დარგის მარეგულირებელი ორგანოს, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა და მისი კონტროლია. 

ამ მიზნით 2017 წელს, „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ შესული ცვლილებებით, 2018  წლის პირველი იანვრიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო. 2018 წლის პირველ იანვრამდე სავალდებულო დეგუსტაციას მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები ექვემდებარებოდა. 

აღნიშნული ცვლილების ინიციატივა კერძო სექტორის მხრიდან მოდიოდა და მიზანი სწორედ ღვინის ხარისხის გაუმჯობესება იყო. საკანომდებლო ცვლილებებით ასევე მოხდა საქართველოდან ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვა, რათა არ მოხდეს ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის ფალსიფიკაცია.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 58 დეგუსტაცია ჩაატარა. სულ წარმოდგენილი იყო 2115 ნიმუში, მათგან 196 შეფასდა უარყოფითად”, – აცხადებს კომპანია. 

ამავე უწყების ცნობით, მიმდინარე წელს საექსპორტო ღვინოების ინსპექტირების ფარგლებში, ღვინის კომპანიებიდან აღებულია 370-მდე ნიმუში და კომპანიებს საექსპორტო შესაბამისობის სერტიფიკატების გაცემაზე უარი ეთქვა მხოლოდ 24 შემთხვევაში. 

“სახელმწიფო კონტროლისა და სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში შემოწმდა 30 კომპანია, აქედან 6 კომპანიის რამდენიმე დასახელების ღვინო არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ღვინის სხვა პარამეტრების შემოწმებასთან ერთად, ხორციელდება ალკოჰოლური სასმელის ნახშირბადის სტაბილური იზოტოპის თანაფარდობაზე შემოწმება” ,- აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტო. 

რუსეთმა დღეს უკვე გამოაქვეყნა  იმ 8 ქართლი კომპანიის სია, რომლებსაც რუსეთში ღვინის გატანა აუკრძალეს. ეს კომპანიებია: „ბაგრატიონი 1882; „ბოლერო ენდ კომპანი“, „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“, „ბადაგონი“, „ქართული ღვინის სახლი“, კორპორაცია ქართული ღვინო“, „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“, „ბატონო“. თუმცა არც ეს კომპანიები და არც ღვინის ეროვნული სააგენტო ამ კონკრეტული კომპანიების წარმოებულ ღვინოებზე კომენტარს არ აკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი