ახალი ამბებიკომენტარი

სულხან სალაძე: ნულოვანი ბარიერი არ არსებობს, პროპორციული არჩევნები საზოგადოების დაკვეთაა

24 ივნისი, 2019 • 2505
სულხან სალაძე:  ნულოვანი  ბარიერი არ არსებობს, პროპორციული არჩევნები საზოგადოების დაკვეთაა

დღეს, 24 ივნისს, ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

რა რისკები და დადებითი მხარეები აქვს პროპორციულ არჩევნებს და როგორი ტიპის პარლამენტი შეიძლება მივიღოთ 2020 წელს, ამ თემაზე ნეტგაზეთთან  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე საუბრობს.

„ნულოვანი [ბარიერი], როგორც ივანიშვილმა დააანონსა, ასეთი რამ არ არსებობს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც ერთ ხმა მიიღებს, ავტომატურად მოხვდება პარლამენტში. რადგან 150 ადგილი გვაქვს პარლამენტში, შესაბამისად, უნდა დაითვალოს, ერთი ადგილი რამდენი ხმის მოპოვებას საჭიროებს“, – ამბობს სალაძე.

მისი თქმით, პროპორციული არჩევნების დადებითი მხარე არის ის, რომ ზუსტად გამოხატავს ამომრჩევლის განწყობას საკანონმდებლო ორგანოში. მეორე მხრივ, ეს ძალიან ზრდის იმის ალბათობას, რომ პარტიას, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, შეიძლება მაინც დასჭირდეს კოალიციის ფორმირება.

„ამაში ცუდი არაფერი არ არის, პირიქით, კოალიციური მთავრობა უფრო საინტერესო შეიძლება იყოს საქართველოსთვის, რადგან კოალიციაში მყოფ პარტიებს გარკვეული ტიპის დათმობები მოუწევთ საერთო საკითხებზე შესათანხმებლად.

ეს პროცესი საინტერესოა ასევე  ორი ფაქტორით, პირველი – გააჩნია რამდენ მანდატს მიიღებს, მაგალითად, „ქართული ოცნება“. თუ მმართველ პარტიას მთავრობის ფორმირებისთვის დააკლდება პირობითად 5- 7 ან მაქსიმუმ 10 ხმა, მაშინ შესაძლოა, რომ მმართველმა პარტიამ აქცენტი გააკეთოს ისეთ სუბიექტებზე, რომლებიც ერთი ან ორი წარმომადგენლით შევლენ პარლამენტში. მაგრამ, თუ აღმოჩნდება, რომ მმართველ პარტიას დააკლდება 20 ან 30 ხმა მთავრობის ფორმირებისთვის, მაშინ ალბათ აქცენტს უფრო დიდ პარტიებზე გააკეთებს“.

სულხან სალაძის აზრით, საეჭვოა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ კოალიციაში შევიდნენ, „მაგრამ ამას გვიჩვენებს დრო“.

„ახლა ჩვენ  არ ვიცით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიები როგორ მიიღებენ მონაწილეობას, ამას დროის დინამიკაში დავინახავთ.

მთავარი რაც არის, ეს მოდელი ზოგადად ამომრჩევლის განწყობას აჩვენებს საკანონმდებლო ორგანოში. ფაქტია, რომ პროპორციული სისტემა ეს იყო საზოგადოების დაკვეთა, ეს იყო 20 ივნისის მოვლენებამდე დღის წესრიგის ნაწილი და ამ აქციების ერთ-ერთი მოთხოვნაც არის. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იწყება, რისი შედეგებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა ვნახოთ“.

სულხან სალაძის თქმით, არსებობს იმის რისკი, რომ პრორუსული და მმართველი პარტიის სატელიტი პარტიები შეიძლება მოხვდნენ პარლამენტში:

„ეს ბუნებრივია, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ეს იქნება ამომრჩევლის ნება, სხვა საკითხია, მოგვწონს თუ არა.

ზემოთაც ვთქვი და ვიმეორებ, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ხმა დააკლდება მმართველ პარტიას მთავრობის ფორმირებისთვის. თუ დააკლდა 2-3 ხმა, მმართველი პარტია, ცხადია, კოალიციაზე იფიქრებს იმ ჯგუფთან, რომელიც პრორუსული შეიძლება იყოს. წინასწარ ამაზე ძალიან რთულია ლაპარაკი, მაგრამ თუ ხმების რაოდენობა დააკლდება, რომელსაც ვერ შეავსებს ამ ტიპის პარტიებით, მაშინ, ცხადია, უნდა იფიქროს სხვა ტიპის პარტიებზე“.

სალაძის აზრით, ახლა ყველა პარტიამ ღიად და მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია და საარჩევნო კამპანიაც განსხვავებულად უნდა აწარმოოს.

„ის ამომრჩეველი, რომელიც არ მიდიოდა არჩევნებზე იმის გამო, რომ მის მიერ მიცემული ხმა იკარგებოდა, ახლა შანსი ჩნდება და თითოეული ამომრჩევლის მისვლა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საარჩევნო უბანთან.

ფაქტია, რომ პროპორციული სისტემა ეს იყო საზოგადოების დაკვეთა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ძალიან კარგი, თუმცა ნულოვანი ბარიერის ირგვლივ გარკვეული დისკუები მაინც იქნება“, – ამბობს სულხან სალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი