ახალი ამბები

დაკავებული მანიფესტანტების მხარდასაჭერად სააპელაციოსთან აქცია გაიმართა

24 ივნისი, 2019 • 826
დაკავებული მანიფესტანტების მხარდასაჭერად სააპელაციოსთან აქცია გაიმართა

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან 20-21 ივნისს დაკავებული აქციის მონაწილეების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა სასამართლოს დამოუკიდებლობა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

როგორც იურისტი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ 5 ადამიანი გუშინ პატიმრობიდან გაათავისუფლა, მათი უდანაშაულოდ ცნობა არ მომხდარა. ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების იდეა ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების კონტროლია, რასაც დღევანდელი სასამართლო ვერ ახერხებს:

“საქალაქო სასამართლომ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ადამიანები, რომლებიც იყვნენ ნაცემები და ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს მხრიდან, ნაცვლად იმისა, გარეთ გაეშვათ, საკანში გაუშვა და სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა. გუშინ რამდენიმე ადამიანი კი გათავისფლდა სააპელაციოდან, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ისინი არ გამართლებულან.

საქართველოს სახელით ამ ადამიანებს კვლავ ჰქვიათ სამართალდამრღვევი, უბრალოდ მოსამართლემ თქვა, გეყოფათ ციხეში ჯდომა. ეს არ არის სასამართლო, ეს არ არის მართლმსაჯულების იდეა. მართლმსაჯულების იდეა არის ის, რომ სასამართლომ აკონტროლოს ხელოსუფლების გადადგმული ნაბიჯები და როდესაც ის გადასცდება წითელ ხაზს, აჩვენოს წითელი ბარათი. ამის თავი დღეს სასამართლოს არ აქვს იმიტომ, რომ არის მართული და 20-21 ივნისის საქმეების განხილვა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამას” ,- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი