“რაც შეეხება საყვარელ მწერლებს, ქართველებს გვერდს ვერ ავუვლი. ვაჟა ბუმბერაზია ჩვენთვის და ჭაბუა გვყავს ცოცხალი. კითხვა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და რადგან წიგნების შემრჩევი არ მყავდა, ყველაფერს ვკითხულობდი. დიუმა განსაკუთრებით მიყვარდა. თითქმის ზეპირად ვიცოდი. მისაღებ გამოცდებზე თემა დავწერე და ციტატები მოვიყვანე. ეგონათ, გადავიწერე. დამიბარეს და გამესაუბრნენ. მაღალი ნიშანი არ მიმიღია, ოთხიანი მივიღე იმიტომ, რომ გრამატიკული შეცდომები მქონდა. მზექალა შანიძე იყო კომისიის თავმჯდომარე და რთული თემები მოიტანეს. ჩაწვა ხალხი, ვერ დავწერეთ, “ტეხნარები” ვიყავით. ბოლოს თავისუფალი თემა შემოაგდეს და დავწერე “ჩემი საყვარელი მწერალი”.
ჩემი მეუღლე ძალიან კარგი მკითხველია. დიდხანს მეხვეწებოდა, ორუელის “ცხოველების ფერმა” წაუღე მიშასო. ჩემი საყვარელი მწერალია-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს წიგნი კი მართლაც გაგახსენებს ჩვენი მთავრობის ამბავს”.





