ახალი ამბები

სააპელაციოში მკვლევარი ხვადაგიანის მოსამართლე ლევან მურუსიძეა

23 ივნისი, 2019 • 1547
სააპელაციოში მკვლევარი ხვადაგიანის მოსამართლე ლევან მურუსიძეა

23 ივნისს სააპელაციო სასამართლო განიხილავს „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანის საქმეს. ხვადაგიანი აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამეს, აქციაზე დაკავებისას სცემეს.

მას თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 9-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ხვადაგიანი ამბობდა, რომ მას ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ.

როგორც „ნეტგაზეთს“ სასამართლოდან აცნობეს, ხვადაგიანის საქმეს ლევან მურუსიძე განიხილავს. სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ 23 ივნისს სააპელაციო სასამართლოში 20 ივნისის ღამეს დაკავებული რამდენიმე პირის საქმე განიხილება, რომელთაგან რამდენიმეს საქმეს ლევან მურუსიძე განიხილავს.

„აქციის დარბევის დროს დამაკავეს. აქციის დაშლის დროს, დაკავების მომენტში გვცემეს. ყველას, ვინც მოგვიყვანეს აქ, 200-ზე მეტი ადამიანის მოჰყავთ ეტაპობრივად, მუხლი არის ხულიგნობა და პოლიციის დაუმორჩილებლობა,“ – გვითხრა ირაკლი ხვადაგიანმა რამდენიმე დღის წინ საქალაქო სასამართლოდან.

20 ივნისის აქციის დარბევისას დააკავეს მისი ძმა, ასევე სოვლაბის მკვლევარი და ისტორიკოსი დავით ხვადაგიანი. ისიც ამბობს, რომ პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისმა თანამშრომელმა, დავით ჯიშკარიანმა დაწერა:

“დარეკა დათო ხვადაგიანმა. არ ესმის ცალ ყურში. ვერ დადის რადგან ცალი ფეხი დუბინკებით და ფარის ცემისგან დაზიანებული აქვს. გვერდები ჩალეწილი მაქვსო. სასამართლო ჯერ არ გამართულა. მხოლოდ ახლა დაარეკინეს დილიდან დაკარგულს“.

მოსამართლე ლევან მურუსიძე ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო სისტემაში არსებული „ჩინჩალაძის კლანის“ ლიდერებად მოიხსენიებენ. იგი არაერთ საქმეში ფიგურირებს: ადამიანის უფლებათა ევროპულმა (სტრასბურგის) სასამართლომ ნეტგაზეთისთვის ცნობილი, სულ ცოტა, ხუთი საქმე განიხილა, რომელშიც ლევან მურუსიძეც ფიგურირებს და სადაც კონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევა დადგინდა, მათ შორის სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი