“ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კარგი იქნება, თუ ის დაბრუნდება, რადგან ეს ნაბიჯი პოლიტიკური მმართველობის კონტურებს უფრო ნათელს გახდის”, – ეს პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას სიტყვებია, რომელიც მან ბათუმელებს გასულ კვირაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას უთხრა.
“როდესაც ივანიშვილმა [პოლიტიკიდან წასვლის] გადაწყვეტილება მიიღო, კოალიციის დიდი უმრავლესობა წინააღმდეგი იყო, მაგრამ მან დაასაბუთა და თავისი მაინც გაიტანა. ჩვენ, მეც და სხვებმაც, მაშინვე ვთქვით, რომ პოლიტიკაში მისი სხვადასხვა ბერკეტით ჩარევა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ რადგან დღეს ასეთი ვითარებაა, სახელმწიფოსთვის უფრო ჯანსაღი იქნება, რომ ის ჩრდილიდან გამოვიდეს, პასუხისმგებლობა აიღოს და ქვეყანა მართოს”, – ეს თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელის ირაკლი ალასანიას განცხადებაა.
5 – დან 11 დეკემბრამდე პერიოდში, 6-დღიან ინტერვალში მმართველ გუნდში თანამდებობები 9 პირმა დატოვა, მათ შორის არიან “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსი და ღარიბაშვილის ცოლის მამიდაშვილი ზვიად ჯანყარაშვილი და შს მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი, რომელიც ამ პოსტზე ჯერ კიდევ ღარიბაშვილის მინისტრობიდან მოყოლებული მუშაობდა. ოპოზიციის განცხადებით, ყველა ის პირი, რომელსაც საკადრო ცვლილებები შეეხო, მთავრობაში ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის წევრებად მოიაზრებოდნენ და პრემიერის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდნენ. ამ ვერსიას მხარს უმაგრებს გასულ კვირაში საკადრო ცვლილებებამდე გაზეთ პრემიერის მიერ კულუარულ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაბამისი საკადრო ცვლილებების განხორციელება ღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილმა აიძულა მის ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრაზე. 9 დეკემბერს ღარიბაშვილმა ამ ინფორმაციას სისულელე უწოდა, თუმცა იმავე პრესკონფერენციაზე მან ისიც თქვა, რომ შიდა გადაადგილებები დასრულებული იყო, თუმცა ზედელაშვილის გადადგომის ინფორმაცია 11 დეკემბერს დადასტურდა. ასევე სწორედ 11 დეკემბერს გაირკვა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი ანზორ ჩუბინიძე დაბრუნდა ხელმძღვანელის პოსტზე.
საკადრო ცვლილებებს ხელისუფლებაში წინ უსწრებდა ნაციონალური მოძრაობის ბრალდებები იმის შესახებ, რომ ზედელაშვილის და ჯანყარაშვილის ახლობლები ინფრასტრუქტურულ ტენდერებს ადვილად იგებდნენ, ამ ბრალდებებს მმართველ გუნდში უარყოფდნენ. მიმდინარე საკადრო გადაადგილებების ფარგლებში თანამდებობა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ზურაბ კოპაძემ დატოვა, სამაგიეროდ უწყებაში მოადგილის პოსტზე დაინიშნა ნოდარ ჯავახიშვილი, “ქართუ ბანკის” ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც ნეტგაზეთს უთხრა, რომ მისი მთავარი საზრუნავი ტენდერების საკითხის მოწესრიგება იქნება.
კორნელი კაკჩია ამბობს, რომ შსს, სადაც ბოლო ხანებში ყველაზე მეტი საკადრო ცვლილება განხორციელდა, ღარიბაშვილის მთავრობისთვის ერთგვარი კადრების მთავარი სამჭედლო მართლაც იყო. მისი თქმით, არაერთი ადამიანი დაწინაურდა შსს-დან სხვა უწყებებში, იგივე სოფლის მეურნეობის მინისტრი ახალი მინისტრი ოთარ დანელია. იგი ამ ფაქტს იმას უკავშირებს, რომ ღარიბაშვილმა მთავრობაში თავისი საქმიანობა სწორედ ამ უწყებიდან დაიწყო და ერთგული ადამიანების კონცენტრაცია სწორედ იქ სცადა. კაკაჩიას თქმით, დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აქვს, თუმცა ეჭვობს, რომ ეს საკადრო გადაწყვეტილებები მხოლოდ ღარიბაშვილს არ მიუღია და შესაძლოა, ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილი მართლაც მონაწილეობდა.
“თვითონ აღიარებს ხოლმე, როგორც ივანიშილი ისე ღარიბაშვილი, რომ ისინი ერთმანეთთან კონსულტაციას გადიან. ჩვენ რამდენიჯერმე ვნახეთ, რომ ივანიშვილის შენიშვნის შემდეგ ღარიბაშვილმა ბოდიშიც კი მოიხადა იგივე ალასაინაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ ის, სავარაუდოდ, დამოუკიდებელი ფიგურა არ არის. თუმცა ამის დამამტკიცებელი ფაქტის პოვნა ძალიან გაგვიჭირდება”.
იგივე ეჭვები არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ხელმძღვანელ ზვიად დევდარიანსაც აქვს, რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის ნიშნების შესახებ შეკითვები ჩნდება:
“ის, რომ ეს ასე ხდება, ამაზე განცხადებები მმართველი გუნდის წარმომადგენლებსაც გაუკეთებიათ, ისინი ამბობებდნენ, რომ ამაში არაბუნებრივი არაფერი იყო, საუბრობდნენ, რომ ბატონი ბიძინას წვლილი ძალიან დიდია იმ პროცესებში, რაც ბოლო წლების განმავლობაში ვითარდებოდა და მას ჭკუას ეკითხებოდნენ. ღარიბაშვილმაც განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერი თურმე დეპარტამენტების დონეზე არ ერევა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ის თავისი ინიციატივით მისულა და ცალკეულ საკითხზე რჩევა უკითხავს. ვინ ვის კითხავს რჩევას, ეს ერთია, მაგრამ რა დოზით, რა წონით და რა რჩევას კითხავს? ეს რჩევა არის პირდაპირი მონაწილეობა მმართველობის სფეროში იმიტომ, რომ თუ ჩვენ ბოლოდროინდელ საკადრო გადაწყვეტილებებს შეხვედავთ და ვივარაუდებთ, რომ ბატონი ბიძინას როლი ამ პროცესში მნიშველოვანია, დავინახავთ, რომ პრემიერთან დაახლოებული თუ ასოცირებული ბევრი პიროვნება გათავისუფლებული აღმოჩნდა”, – ამბობს დევდარიანი.
მმართველი კოალიციის წარმომადგენელი, დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილთან ასოცირებული თანამდებობის პირები შსს-სა და სხვა უწყებებში განზრახ გაათავისუფლა ღარიბაშვილის გუნდის შესაზღუდად, ჭორს უწოდებს, თუმცა იგი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილს მართლაც ჰქონდეს გაკრვეული გავლენა იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი იღებს. მისი თქმით, იგი პრობლემას ვერც იმაში ხედავს, თუ პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი კოალიციურ შეხვედრებს დაესწრება ისე, როგორც ეს “ქართული ოცნებიდან” თავისუფალი-დემოკრატების გასვლის მომენტში გააკეთა:
“მე არაფერს გამოვრიცხავ. ცნობები არ გვაქვს და რატომ უნდა ვიმარჩიელოთ? გავლენა აქვს, ბუნებრივია. თავისი შექმნილი კოალიციის სხდომებზე გამოჩნდა და კიდევ გამოჩნდება და დედას ვფიცავარ, სარკოზიც ჩნდება ხოლმე UMP-ის [პარტია საფრანგეთში] სხდომებზე. რა არის აქ პრობლემა, კარგად არ მესმის, რა დააშავა იმით, რომ გამოჩნდა. სხვა ამბავია, თუ არ ჩანს და რამეს აკეთებს. პირიქით, მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ გამოჩნდა”, – ამბობს ბერძენიშვილი და დასძენს, დისკუსია იმაზე, მართავს თუ არა დღემდე ღარიბაშვილს ივანიშვილი, წყლის ნაყვას უწოდებს:
“აქ ბევრი ლაპარაკი შეიძლება, რომ სინამდვილეში ბიძინა დგას… მაშინ მე გეტყვით, რომ სინამდვილეში ბიძინას მართავს ღმერთი და ასე შემდეგ. ეგ ლაპარაკი არის წლის ნაყვა”.
ზემოხსენებული საკადრო გადაწყვეტილებები ირაკლი ღარიბაშვილმა თავად რომ მიიღო, უმრავლესობის მეორე წევრ ანი მიროტაძესაც სჯერა. როგორც თვითონ ამბობს, ყოველ შემთხვევაში ფაქტები არ აქვს, რომ საწინააღმდეგო იფიქროს:
“თუ გულისხმობთ იმას, რომ ერთდროულად რატომ მოხდა ამდენი ადამიანის გაშვება, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილთან იყვნენ დაკავშირებული, ესეც ჯანსაღი პროცესი მგონია. კი, შესაძლოა, იყოს გარკვეული კითხვის ნიშნები და მეტსაც გეტყვით, შესაძლოა თვითონ პრემიერს ჰქონდეს კითხვები მათთან და მე ეს უფრო მაინტერესებს. არსებობს თუ არა ამ ადამიანების მიმართ გარკვეული კითხვები და ამ კითხვებზე პასუხსაც თუ გავიგებთ, ძალიან კარგი იქნება. არც ერთი საკითხი არ უნდა დარჩეს ბუნდოვნად, იმიტომ, რომ საზოგადოებაში კითხვები ჩნდება ხოლმე, რაც მე ძალიან მიყვარს”, – ამბობს მიროტაძე.
“ბათუმელების” კითხვას, თვითონ თუ უცდია ზოგადად პროცესში ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობაზე კითხვების გუნდის შიგნით დასმა, პროფესიით ჟურნალისტი ანი მიროტაძე ასე პასუხობს:
“რასაკვირველია, ამ შეკითხვას დავსვამ. ბიძინა ივანიშვილი მე პირდად დიდი ხანია არ მინახავს. ასე ადვილიც არ არის ივანიშვილის ნახვა. ირაკლი ღარიბაშვილთან ამ საკადრო ცვლილებების შემდეგ შეხვედრა არ მქონია, თორემ გპირდებით, რომ აუცილებლად დავსვამ ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაშიც არსებობს და შეიძლება მეც მქონდეს დაზუსტებისთვის. გპირდებით ამას”.

როგორ შეიძლება მმართველმა გუნდმა უპასუხოს ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ საზოგადოების ნაწილში გაჩენილ შეკითხვებს? – კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ ექს-პრემიერს ორი გზა აქვს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანი გამოყენოს:
“ეს ადამიანი ან პოლიტიკურ სივრცეში უნდა დაბრუნდეს, რაც მას არ უნდა, რადგან იცის, რომ პოლიტიკაში დაბურნებამ შესაძლოა მისი რეიტინგის ვარდნა გამოიწვიოს, ამ დროს მას პირიქით, უნდა, რომ წაუგებელი თამაში ითამაშოს: პოლიტიკიდან გამარჯვებული წავიდა და ახლა თუ საქმე კარგად არ წავა, შეუძლია თქვას, რომ მე ჩემით წავედი, უარი ვთქვი ხელისუფლებაზე, უპრეცედნტო რამ გავაკეთე, დავტოვე გუნდი და თუ იმან არ გაამართლა, რა ვქნა… ეს დილემა მის წინაშე ნამდვილად არსებობს.
მეორე ვარიანტი უფრო წარმოუდგენელია, რომ ის გარკვეული ხნით წავიდეს ქვეყნიდან და ყველას დაანახოს, რომ თავი დაანება პროცესებს, თუმცა ესეც არარელაური მგონია”, – ამბობს კაკაჩია.
ზვიად დევდარიანის თქმით კი, ივანიშვილი პოლიტიკურ თანამდებობაზე დაბრუნდება თუ არა, ეს თავად მისი გადასაწყვეტია:
“საზოაგდოებრივი ორგანიზაციებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს კანონის უზენაესობა და ქვეყანას მართავდეს დემოკრატიული ინსტიტუტები. ამ გადმოსახედიდან, თუ ის რეალუად ახორციელებს არაფორმალურ მმართველობას, შეიძლება სწორი იყოს დაბრუნება, იმიტომ, რომ შეკითხვები აღარ იარსებებს, მაგრამ მეორე მხრივ, შეუძლია არც დაბრუნდეს, და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აღარ ჩაერიოს. ესეც გამოსავალია”, – აცხადებს დევდარიანი.
კორნელი კაკაჩიას განმარტებით, არაფორმალური მმართველობა პირველ რიგში საჯარო მოხელეების დაბნეულობას და სახელმწიფო სტრუქტურების დეზორგანიზაციას იწვევს. მისივე თქმით, თუ ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობაზე გავლენის მოხდენას შეეცდება, პოლიტიკურმა სპექტრმა მისი ფაქტორის და შესაძლო პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესების დემოკრატიული კონტროლის ჩარჩოში ჩასმის მექანიზმზე უნდა იფიქროს:
როგორი უნდა იყოს საზოაგდოების რეაქცია იმ შემთხვევაში, თუ გაირკვევა, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში თავისი ჩარევით მმართველ გუნდს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებს? – ამ კითხვაზე ზვიად დევდარიანს ასეთი პასუხი აქვს:
“მე სხვა კითხვა მაქვს, თუ ყველაფერი კარგად არ წავა, თუ შეცდომას დაუშვებს არაფორმალური მმართველი, მაშინ რა მოხდება? ვინ იღებს პასუხისმგებლობას?”.