ახალი ამბები

ჟურნალისტების და სხვების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაუშვებელია — პოლონეთის საგარეო

23 ივნისი, 2019 • 959
ჟურნალისტების და სხვების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაუშვებელია — პოლონეთის საგარეო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება 20 ივნისის აქციის დარბევას თბილისში და აცხადებს, რომ „დაუშვებელია ძალის გამოყენება ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრების წინააღმდეგ“.

22 ივნისს გავრცელებულ პრეს-რელიზში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ თვალს ადევნებს თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

მათი შეფასებით, 2008 წლის ომისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ მოსკოვის პოლიტიკის კონტექტში, მათთვის „გასაგებია“, თუ რატომ გამოხატეს მოქალაქეებმა უკმაყოფილება რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტში ყოფნისა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სესიის გაძღოლის გამო.

„ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ და მოვუწოდებთ, თავი აარიდონ ესკალაციას. გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ, რომ  ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოება, შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება და ადეკვატურად გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები. ვთვლით, რომ ძალის გამოყენება ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრების წინააღმდეგ დაუშვებელია“, — წერია განცხადებაში.

რა მოხდა?

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელონ პოლიტიკოსების გარეშე.

თბილისში მიმდინარე მოვლენები “ანტირუსულ პროვოკაციად” შეაფასა რუსეთის ხელისუფლებამ და საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლას აუქმებს, ასევე, რუსეთის დუმის დეპუტატები მოქალაქეებს ქართული პროდუქციისა და კურორტების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი