ახალი ამბები

“სადილი რობიკოსთვის“ – საპროტესტო პერფორმანსი რუსთაველის თეატრის წინ

23 ივნისი, 2019 • 1511
“სადილი რობიკოსთვის“ – საპროტესტო პერფორმანსი რუსთაველის თეატრის წინ

“სადილი რობიკოსთვის” – ასე ჰქვია საპროტესტო პერფორმანსს, რომელიც დღეს აქტივისტებმა რუსთაველის თეატრის წინ დადგეს. პერფორმანსის მონაწილეებმა რობერტ სტურუას ბორშჩი გაუკეთეს, რითაც მათი თქმით, მისი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები გააპროტესტეს.

რობერტ სტურუამ 22 ივნისს ფეიბუკ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დაწერა: “ბოროტმა სულმა იმარჯვა… ნაცისტები ზეიმობენ:
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!“. სწორედ ამ დღეს საქართველოს პარლამენტთან
 მოქალაქეები რუსეთის ოკუპაციასა და ხელოსუფლების მიერ დემონსტრანტების ძალადობრივ დარბევას აპროტესტებდნენ.

“სადილი რობიკოსთვის“. პერფორმანსი რუსთაველის თეატრთან. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

აქტივისტები ამბობენ, რომ პერფორმანსის დადგმის გადაწყვეტილება, ნაწილობრივ სტურუას 22 ივნისის განცხადების გამო მიიღეს. ამასთანავე ისინი აცხადებენ, რომ დღეს საქართველოში კულტურული სფერო ჭაობშია, რისი მაგალითსაც, რუსთაველის თეატრი წარმოადგენს.

რაც შეეხება თავად ბორშჩს, პერფორმანსის ავტორების თქმით, მათ ამ ნაბიჯით სტურუას “კულტურული დიეტის“ დაცვისკენ უბიძგეს. აქტივისტები ამბობენ, რომ სჯობია “ადამიანმა ჯანსაღად იკვებოს, ვიდრე ამგვარი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები აკეთოს“.

“სადილი რობიკოსთვის“. პერფორმანსი რუსთაველის თეატრთან. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი


  • თბილისში უკანასკნელი დღეების განმავლობაში
  • მრავალათასიანი დემონსტრაციები თბილისში მოყვა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტს საქართველოში და სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნას. რის შემდეგაც  შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
  • ხელისუფლებამ 20-21 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან, რის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც;
  • დააკავეს დემონსტრაციის 305 მონაწილე;
  • დაშავდა 240 მოქალაქე, მათ შორის 80 პოლიციელი. ზოგიერთმა მოქალაქემ დაკარგა თვალი;
  • პოლიციას არ აკეთებს კომენტარს დაიწყო თუ არა გამოძიება ძალის გადამეტებაზე;
  • გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ხოლო დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დატოვა დეპუტატის მანდატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი