ახალი ამბები

22 ივნისის დემონსტრაცია “ოცნების” ოფისთან დასრულდა

23 ივნისი, 2019 • 1514
22 ივნისის დემონსტრაცია “ოცნების” ოფისთან დასრულდა

22 ივნისის მრავალათასიანი დემონსტრაცია თბილისში, რომელიც პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობდა, “ოცნების” ოფისთან დასრულდა.

დემონსტრანტებმა ხვალ 14.00 საათამდე მისცეს ხელისუფლებას ვადა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წინააღმდეგ შემტხვევაში 23 ივნისს, 19.00 საათზე კვლავ შეიკრიბებიან პარლამენტთან.

დემონსტრაცია 22 ივნისს 19.00 საათზე დაიწყო  უცვლელი მოთხოვნებით – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, გათავისუფლდნენ პატიმრობიდან 20 ივნისის აქციაზე დაკავებულები და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით.

დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა არაერთმა გამომსვლელმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა, ღამის 12 საათისკენ კი ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა დემონსტრანტებს მოუწოდა მშვიდობიანი მსვლელობისკენ “ქართული ოცნების” ოფისთან, რომელიც მდებარეობს რუსთაველის გამზირზე.

მომიტინგეებს “ოცნების” ოფისთან სამართალდაცველები დახვდნენ, რომლებიც თავდაპირველად სპეციალური ეკიპირებით იყვნენ , თუმცა შემდეგ ჩაფხუტები და ფარები მოიხსნეს.

სახელმწიფო დაცვის  სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ “ნეტგაზეთს” პირდაპირ ეთერში განუცხადა, რომ ხელმძანელობამ სპეციალური ეკიპირების საჭიროება ვერ დაინახა მშვიდობიან აქციაზე.

“ოცნების” ოფისთან აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გამოაცხადეს მოთხოვნები, იმღერეს საქართველოს ჰიმნი და სკანდირებდნენ “მშვიდობას” და “პუტინ ხუილო”.


დემონსტრაცია თბილისში ღამის  01.00 საათზე დასრულდა.


  • თბილისში მესამე დღეა მიმდინარეობს მრავალათასიანი დემონსტრაცია;
  • მასობრივი გამოსვლები თბილისში მოყვა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტს საქართველოში და სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნას. რის შემდეგაც  შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
  • ხელისუფლებამ 20-21 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან, რის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც;
  • დააკავეს დემონსტრაციის 305 მონაწილე;
  • დაშავდა 240 მოქალაქე, მათ შორის 80 პოლიციელი. ზოგიერთმა მოქალაქემ დაკარგა თვალი;
  • პოლიციას არ აკეთებს კომენტარს დაიწყო თუ არა გამოძიება ძალის გადამეტებაზე;
  • გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ხოლო დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დატოვა დეპუტატის მანდატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი