“ნუ მაბრმავებ! რუსეთი ოკუპანტია!” – ორი საპროტესტო აქცია ნიუ იორკში

ია მერკვილაძე, ნიუ იორკი, აშშ

20 და 21 ივნისს ნიუ იორკში საღამოს ცხრა საათისთვის საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან ქალაქსა და მის გარეთ მცხოვრები ქართველები თვითორგანიზებით საქართველოსა და აშშ–ის დროშებით, სახელდახელოდ დამზადებული პლაკატებითა და საპროტესტო შეძახილებით შეიკრიბნენ. ქართველებმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციებს სოლიდარობა გამოუცხადეს და მოითხოვეს არა მხოლოდ აფხაზეთის ომის ავტორი რუსი “მართლმადიდებლის” სერგეი გავრილოვისა და მისი მომწვევების დასჯა, არამედ “ქართული ოცნების” ხელისუფლებისგან ჩამოშორება, ვადამდელი პროპორციული არჩევნები, სისხლიანი დარბევის ორგანიზატორებისა და შემსრულებლების სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.

პროტესტი ნიუ-იორკში ოკუპაციის, საქართველოს ხელისუფლებისა და 20 ივნისის დარბევის წინააღმდეგ. ფოტო: ია მერკვილაძე

პროტესტი ნიუ-იორკში ოკუპაციის, საქართველოს ხელისუფლებისა და 20 ივნისის დარბევის წინააღმდეგ. ფოტო: ია მერკვილაძე

“რუსეთის ოკუპაცია კლავს”, “რუსეთი მტერია”, “ნუ მაბრმავებ! რუსეთი ოკუპანტია!”, “ივანიშვილის რეჟიმი უნდა დასრულდეს”, “რუსეთის ოკუპაცია გარემოს აბინძურებს”, “პუტინ – ხუილო!” – ამგვარი შინაარსის პლაკატებით სპონტანურად შეკრებილები აღშფოთებით საუბრობდნენ როგორც საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში მოკალათებული რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს (დუმის) დეპუტატის, “მართლმადიდებელი” კომუნისტის სერგეი გავრილოვის ყოფნას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, ასევე ქართველი “სამართალდამცავების” მიერ მომიტინგეების სასტიკ დარბევას, რომელსაც მოჰყვა ძალადობა როგორც აქციის მონაწილეებზე, ასევე – ჟურნალისტებზე.

აქციის მონაწილეები ითხოვდნენ იმ თანამდებობის პირების გადაყენებას, რომლებმაც ოკუპირებულ ქვეყანაში, სადაც ძალაშია კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, დაუშვეს სახელმწიფო ინსტიტუტების ტოტალური დისკრედიტაცია – ჩამოშლა.

პროტესტი ნიუ-იორკში ოკუპაციის, საქართველოს ხელისუფლებისა და 20 ივნისის დარბევის წინააღმდეგ. ფოტო: ია მერკვილაძე

პროტესტი ნიუ-იორკში ოკუპაციის, საქართველოს ხელისუფლებისა და 20 ივნისის დარბევის წინააღმდეგ. ფოტო: ია მერკვილაძე

“სახეზეა სახელმწიფოს ატრიბუტების განადგურება” – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ. – “ჯერ საზღვრის დაცვის სამსახურმა ქვეყნის ოფიციალური მტერი ოკუპირებულ სახელმწიფოში დაუბრკოლებლად შემოუშვა, შემდეგ კი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვა. შინაგან საქმეთა მინისტრმა გახარიამ ქართველ ხალხს უტიფრად მიაყენა შეურაცხყოფა. ჩვენი პროტესტი სამართლიანია! ჩვენ ვითხოვთ რუსეთთან კოლაბორაციაში მყოფი ხელისუფლების დასრულებას და, ამ ეტაპზე, როგორც მინიმუმ, გახარია და რუსეთის სხვა აგენტები დაკავებული თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდნენ! ეს არის ჩვენი უპირობო მოთხოვნა. აქ ერთად ვდგავართ პარტიული მიკუთვნებულობის მიუხედავად, რადგანაც ვხედავთ, რომ წყალგამყოფზე ვდგავართ; ვხედავთ, რომ რუსეთსა და ჩვენი ქვეყნის მმართველებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ატრიბუტიკის ფეხქვეშ გათელვა უნდათ. მაგრამ მათ ერთი რამ უნდა გაიგონ – ამაზე ქართველი ხალხის პროტესტი იქნება შეურიგებელი და ჩვენ ერთად დგომით ტირანიას აუცილებლად დავამხობთ!”

პროტესტი ნიუ-იორკში ოკუპაციის, საქართველოს ხელისუფლებისა და 20 ივნისის დარბევის წინააღმდეგ. ფოტო: ია მერკვილაძე

პროტესტი ნიუ-იორკში ოკუპაციის, საქართველოს ხელისუფლებისა და 20 ივნისის დარბევის წინააღმდეგ. ფოტო: ია მერკვილაძე

პროტესტი ნიუ-იორკში ოკუპაციის, საქართველოს ხელისუფლებისა და 20 ივნისის დარბევის წინააღმდეგ. ფოტო: ია მერკვილაძე

“იმ დღეს, როცა თბილისში “პრაიდი” უნდა დაწყებულიყო; როცა ქალაქში ლგბტქ თემის წარმომადგენლებზე ნადირობა გამოცხადდა, ლევან ვასაძემ კი ბრბოს მობილიზაცია დაიწყო, სწორედ იმ დღეს თბილისში რუსეთის დუმის წარმომადგენელი სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა, რომელიც მეორე დღეს საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდა” – განაცხადა ლგბტქ ატივისტმა მარიამ გაგოშაშვილმა. – “კარგად გამოჩნდა, თუ როგორ იყენებს სახელმწიფო თავის მარიონეტებსა და მემარჯვენე რადიკალებს მაშინ, როცა პოლიტიკურად წინააღმდეგობრივ გადაწყვეტილებას იღებს, რათა გადაფაროს იგი; ამგვარი მანიპულაციით კი ცდილობს ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანოს და ქულებიც დაიწეროს. ისიც კარგად გამოჩნდა, რომ საქართველოს საპატრიარქო რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთანაა შეკრული. კარგად ჩანს ისიც, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია სეკულარულ სახელმწიფოში ძალის დემონსტრირებას არ ერიდება: იქნება ეს წილხვედრობის დაკანონება, თუ ქვეყნის პრეზიდენტის წმინდა ნინოს გზაზე გასეირნება. ეს სამარცხვინო მოვლენებია, რამაც გვიჩვენა, რომ მთავრობა საპატრიარქოს ჯიბეში უზის, ქართული ეკლესია კი რუსეთის ეკლესიის თანამოაზრეა. სწორედ ამის დასტურია ეს ე.წ. “მართლმადიდებელ პარლამენტართა ასამბლეა”, რომელიც რუსული და ქართული მხრიდანაა დაფინანსებული. მე საქართველოში ჩავდივარ ხოლმე და ყოველ ჯერზე ვხედავ თუ როგორ იცვლება ქვეყნის ორიენტირები – უამრავი რუსი ტურისტია, გარშემო რუსული სიმღერები ისმის, მაღაზიებში კი რუსულენოვანი აბრებია გამოკრული. მოქალაქეებში სრული კომფორმიზმია გამეფებული. მაგრამ ამ დღეებში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა იმის იმედი ჩამისახა, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი და სიტუაციის შეცვლა ჯერ კიდევ შესაძლებელია”.

პროტესტი ნიუ-იორკში ოკუპაციის, საქართველოს ხელისუფლებისა და 20 ივნისის დარბევის წინააღმდეგ. ფოტო: ია მერკვილაძე

პროტესტი ნიუ-იორკში ოკუპაციის, საქართველოს ხელისუფლებისა და 20 ივნისის დარბევის წინააღმდეგ. ფოტო: ია მერკვილაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი