“სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტზე ზეწოლა და საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობა 8 დეკემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ჟურნალისტ თამუნა უჩიძის სტატია, სახელწოდებით: “ბრალდებულის და: სამხარეოს უფროსმა წიხლები მირტყა, ტანსაცმელი შემომაგლიჯა და გაუპატიურებით დამემუქრა”. “სამხრეთის კარიბჭის” რედაქტორის ნინო ნარიმანიშვილის განმარტებით, იმავე დღეს, 8 დეკემბერს, მასთან დარეკა შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელმა, ეკატერინე ათოშვილმა და სთხოვა, შეეცვალა სტატიის სათაური: “მე ავუხსენი, რომ ეს იყო გამორიცხული, რის შემდეგაც მან იგივე თხოვნით დარეკა თამუნა უჩიძესთან, თუმცა მისგანაც მიიღო უარი”.
ჟურნალისტების თქმით, შსს-ს ზარები ამით არ დასრულებულა, ეკატერინე ათოშვილმა ამის შემდეგ ისევ დარეკა ნინო ნარიმანიშვილთან და სცადა მისთვის აეხსნა, რატომ სთხოვდნენ სტატიის სათაურის შეცვლას: “მეუბნებოდა, რომ სტატიის სათაური იყო მტკიცებით ფორმაში. მართალია, ეს არ იყო დარღვევა, მაგრამ, მკითხველი ამას ვერ გაიგებდა სწორად და ვიდრე გამოძიება დასრულდებოდა, შეეცვალა სათაური. მით უმეტეს, რომ პოლიციელებს დიდი წვლილი ქონდათ ბრალდებულების დების დაცვაში”.
ჟურნალისტ თამუნა უჩიძის თქმით, იმავე საღამოს, 8 დეკემბერს, შსს-ს კიდევ ერთხელ ჰქონდა სათაურის შეცვლის მცდლეობა, ამჯერად მასთან სახლში მივიდა მისი ახლობელი, რომელიც ძალოვან უწყებაში მუშაობს და “შინაურულად” სთხოვა სათაურის შეცვლა. სათაური არც ამჯერად შეცვლილა.
ამ ამბიდან სამი დღის შემდეგ, 11 დეკემბერს, სამხარეო სამმართველომ რედაქციიდან წაიღო გაზეთის ბოლო 6 ნომერი. გვიან, 8 საათის შემდეგ კი რედაქციასთან სოფელ გოგაშენში მცხოვრებთა ნაწილმა აქცია გამართა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ პოლიცია მსგავს ძალადობას ბრალდებულის დებზე არ ჩაიდენდა და რედაქციას ადანაშაულებდნენ დეზინფორმაციის გავრცელებაში. აქცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. აქციის დაწყებისთანავე “სამხრეთის კარიბჭემ” გამოიძახა პოლიცია. ჟურნალისტები ამბობენ, რომ პოლიციის თანამშრომლები აკონტრელებდნენ ტერიტორიას აქციის დაწყებიდან დასრულებამდე.
გოგაშენის მცხოვრებთა ნაწილის აქცია “სამხრეთის კარიბჭესთან” მეორე დღეს, 12 დეკემბერსაც გაგრძელდა. როგორც თამუნა უჩიძე ყვება, გოგაშენის ერთ-ერთი მცხოვრები ავიდა მასთან რედაქციაში, მაგიდაზე ურტყა მუშტები და უყვიროდა, ჩასულიყო დაბლა და პასუხი გაეცა შეკრებილებისთვის.
“შეკრებილები ამჯერად მეკითხებოდნენ, რატომ არ გამოვაქვეყნე ღამის აქციის მასალა და რატომ არ ვწერდი მათ მოთხოვნებს. ავუხსენი, რომ ვიდეომასალა მზად იყო და უკვე იტვირთებოდა ვებ-გვერდზე. ამის შემდეგ მათ მთხოვეს, ამოდი სოფელში, გაესაუბრე ხალხს და დაგვეხმარე, რომ ბრალდებულის დები სოფლიდან გაასახლონო”, – ამბობს თამუნა უჩიძე.
სამხრეთის კარიბჭის ჟურნალისტების მონაყოლით, მოვლენები მეორე დღესაც გაგრძელდა. 13 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში, ჟურნალისტთან სახლში მივიდა ჟურნალისტის ოჯახის ახლობელი, რომელიც უხსნიდა, რა საფრთხის წინაშე იყო: “რად გინდა, რომ წერ ასეთ ამბებს, რომ დაგაკავონ, აქციებს გამართავენ შენი მეგობრები და მერე მორჩება ყველაფერი, შენ კი დაგიმახინჯდება ცხოვრება…”
იმავე დღეს, უკვე გვიან ღამით, ჟურნალისტთან სახლში კიდევ ერთი ახლობელი მივიდა, რომელიც ეუბნებოდა ჟურნალისტს, რომ სტატიის პერსონაჟი შეცვლიდა თავის ნათქვამს და მას დაეწერა ახალი სტატია: “მთავარია ახლა იმ სოფელში სიმშვიდე იყოს, ამისთვის გვინდა ეს, შენ უნდა ახვიდე გოგაშენში, დაელაპარაკო იმ ქალს და ის გეტყვის, რომ ემოციურ ფონზე იცრუა.[საუბარია იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლები მას ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, თუ არ გაამხელდა ძმის ადგილსამყოფელს. რედაქციას აქვს ამ საუბრის აუდიოჩანაწერი]
დღეს, 14 დეკემბერს ”სამხრეთის ჯარიბჭის” ჟურნალისტ თამუნა უჩიძეს დაუკავშირდა რესპონდენტი, რომელიც სტატიაში საუბრობდა პოლიციის მხრიდან ძალადობაზე [ბრალდებულის და]ის ამბობს, რომ ახალქალაქიდან მისთვის უცნობი ადამიანი მივიდა მასთან სახლში და მოითხოვა უარყოფა იმ ინფორმაციის, რასაც ის ჟრნალისტებტან საუბრობდა, ანუ პოლიციის მხრიდან ძალადობაზე.