ახალი ამბები

პარლამენტის წინ დემონსტრანტების ნაწილი იშლება, ნაწილი – რჩება

22 ივნისი, 2019 • 1226
პარლამენტის წინ დემონსტრანტების ნაწილი იშლება, ნაწილი – რჩება

რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ გამომსვლელთა ნაწილმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდეს. მიშა მშვილდაძის თქმით, აქცია იგივე მოთხოვნებით 22 ივნისს, 7 საათზე კვლავ გაიმართება.

“დღეს, აქ გამოსვლები ჩვეულებრივად გაგრძელდება მანამ, ვიდრე ბოლო ადამიანი ვისაც სათქმელი აქვს, თავის სათქმელს არ იტყვის. მაგრამ ამ გზაზე ჩვენ გვჭირდება კონსოლიდირებული ერთიანობები გარკვეულ დროებში. როგორც გუშინ და დღეს ჩვენ ავიღეთ 7 საათი მთავარი შეკრების მომენტად,” – განაცხადა მშვილდაძემ.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ,  საპროტესტო აქცია მიმდინარეობს  მოთხოვნით – გადადგეს შსს მინისტრი გიორგი გახარია, დაინიშნოს ვადამდელი პროპორციული არჩევნები და გათავისუფლდნენ 20 ივნისს აქციის დარბევისას დაკავებული პირები.


ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.

აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2ო ივნისის აქციის დარბევისას 240 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელია, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში შეიყვანეს. „ნიუ ჰოსპიტალის“ ინფორმაციით, ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. მოქალაქეები კლინიკებში მიიყვანეს როგორც ცრემლსადენი გაზის მოწამვლით, ასევე სხეულის ქსოვილების სხვადასხვა დაზიანებით, რომელიც რეზინის ტყვიების სროლის შედეგად ჰქონდათ მიღებული.

21 ივნისის საღამოს მონაცემებით, კლინიკებში რჩება 50-ზე მეტი ადამიანი, მათგან სამის მდგომაროება მძიმეა – ისინი მართვით სუნთქვაზე იყოფებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი