ახალი ამბები

მძიმეა პაციენტის მდგომარეობა, რომლის ვინაობასაც ვერ ადგენენ – გაავრცელეთ, შეიძლება ეძებენ

22 ივნისი, 2019 • 3484
მძიმეა პაციენტის მდგომარეობა, რომლის ვინაობასაც ვერ ადგენენ – გაავრცელეთ, შეიძლება ეძებენ

ალადაშვილის კლინიკაში რჩება  20 ივნისის დარბევისას დაშავებული შუახნის კაცი, რომლის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მას თავში, სავარაუდოდ, რეზინის ტყვია აქვს მოხვედრილი და ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმის ინფორმაციით, კაცს შესაბამისი პროცედურები უკვე ჩაუტარდა და ახლა პოსტოპერაციულ კურსს გადის. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

“არის თავის ტრავმა, ჩატარებულია ოპერაცია, დეკომპრესიული ტრეპანაცია[დაზიანებული ძვლის მოცილება], ჰემატომის ევაკუაცია[სისხლჩაქცევის ამოღება]. ამ ეტაპზე იმყოფება პოსტოპერაციულ პერიოდში. იდენტიფიცირება, ამ ეტაპზე, ვერ ხერხდება”, – აღნიშნა რეანიმაციული განყოფილების უფროსმა ლევან ბესელიამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას 21 ივნისს, დაახლოებით 21.30 საათზე.


ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.

აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ აქციაზე 240 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელია, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში შეიყვანეს. „ნიუ ჰოსპიტალის“ ინფორმაციით, ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. ამ დროისთვის კლინიკებში 102 პაციენტი რჩება, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მოქალაქეები კლინიკებში მიიყვანეს როგორც ცრემლსადენი გაზის მოწამვლით, ასევე სხეულის ქსოვილების სხვადასხვა დაზიანებით, რომელიც რეზინის ტყვიების სროლის შედეგად ჰქონდათ მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი