ახალი ამბები

სააკაშვილი საყდრისზე: ივანიშვილის დეიდაშვილის სიხარბეს შეეწირა ჩვენი ისტორიული სიმდიდრე

13 დეკემბერი, 2014 • • 1051
სააკაშვილი საყდრისზე: ივანიშვილის დეიდაშვილის სიხარბეს შეეწირა ჩვენი ისტორიული სიმდიდრე

“საყდრისის ოქროს საბადოს, უძველესი ქართული კულტურული, ოქროს საწმისის ეპოქის ფასდაუდებელი მატერიალური ძეგლის ბარბაროსული აფეთქება ძალიან მძიმე დარტყმაა ქართულ კულტურასა და ასევე მსოფლიო მემკვიდრეობაზე. რუსი მფლობელების მოთხოვნას და ვინმე უჩას, ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის სიხარბეს შეეწირა ჩვენი ისტორიული სიმდიდრე, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში, ქვეყნისთვის ბარაქა და სახელი უნდა მოეტანა, მოეზიდა ტურისტები. ის, რაც შევარდნაძის დროს მამალაძემაც კი ვერ გაბედა და ჩემი პრეზიდენტობის დროს, რა თქმა უნდა, საერთოდ წარმოუდგენელი იყო, ერთი ოლიგარქის ახირებამ და მისი ნათესავების მატერიალურმა დაინტერესებამ შეიწირა”,- წერს სააკაშვილი “ფეისბუქის პირად გვერდზე.

მისივე თქმით, თალიბების მიერ კლდეში გამოკვეთილი ბუდების აფეთქების შემდეგ არ ახსენდება მსგავსი დონის ვანდალიზმი. 

 

“ეს არის პირდაპირი შედეგი კორუფციის, უპასუხისმგებლობისა და უმეცრების, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს ყველა მიმართულებით. მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეს ეხება, ახლა მაინც შეაჩერებინონ უკანონო სამუშაოები, რათა ის მაინც გადავარჩინოთ, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია”,- წერს სააკაშვილი.

 

 
 

13 დეკემბერს კომპანია „არემჯიმ“ საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა.ვრცლად კომპანიის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა. ხვალ, 11 საათზე კულტურის სამინისტროსთან დაგეგმილია აქცია.

 

საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი