“დღეს, 2014 წლის 13 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე კომპანია “არემჯიმ” განაახლა სამთო-მოპოვებითი სამუშაოები საყდრის-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე. გასათვალისწინებელია, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე მიმდინარეობს სამართლებლივი დავა და სასამართლო გადაწყვეტილები შეჩერებულია კომპანიის მადნის მომპოვებელი საქმიანობა. მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, დღეს უკანონოდ დაიწყეს საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს მასშტაბური განადგურების პროცესი. ცნობილია, რომ საყდრისი-ყაჩაღიანი საერთაშორისოდ აღიარებული კულტურული მემკვიდრეობაა ჩვ.წ.აღ-ის მეოთხე ათსწლეულიდან”, – ნათქვამია განცხადების ტექსტში.
განცხადების ავტორები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეონის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შემდეგი მოთხოვნებით მიმართავენ – დღესვე დაუყოვნებლივ გაასაჯაროონ ბრძანებები №03/266 და №2/271, მათი განცხადებით, ეს ბრძანებები მიიღეს პარასკევს, რათა საზოგადოებას ვერ მოეხდინა სწრაფი რეაგირება და კომპანიას მისცემოდა ძეგლის სრული განადგურების საშუალება 2 დღეში, და დაუყოვნებლივ შეჩერდეს კომპანიის მიერ წარმოებული დამანგრეველი სამუშაოები საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე.
ხვალ, 14 დეკემბერს, დილის 11 საათზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართება, საიდანაც აქციის მონაწილეები კაზრეთში, საყდრის-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე გაემართებიან.
13 დეკემბერს კომპანია „არემჯიმ“ საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა.ვრცლად კომპანიის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.