პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლევან დოლიძე თანამდებობას 26 იანვარს დატოვებს. მისი შემცვლელის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ შესულა.
ლევან დოლიძე, რომელიც ლევან მიქელაძის სახელობის ფონდს ხელმძღვანელობდა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ ჯერ თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, შემდეგ კი NATO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლად დაინიშნა. თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება დოლიძემ მას შემდეგ მიიღო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია გაათავისუფლა. პრემიერის ამ გადაწყვეტილების შემდეგ თანამდებობები დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, მისმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა და ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.