კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა.
“გადაწყვეტილებები მიღებული იქნა იმის საფუძველზე, რომ კანონის შესაბამისად, მოხდა ობიექტის ნაწილის სრული არქეოლოგიური შესწავლა. დარჩენილ ნაწილზე დამატებითი კვლევების ჩატარება შეუძლებელი იყო ობიექტზე არსებული ავარიული მდგომარეობისა და ნგრევის საფრთხის გამო, რასაც ადასტურებს შესაბამისი გეოლოგიური დასკვნა. ამასთანავე, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის შესაბამისად, ობიექტზე არ იყო მოსალოდნელი თვისობრივად ახალი არტეფაქტების აღმოჩენა. საყდრის-ყაჩაღიანის ობიექტის გარშემო მიმდინარე სამეცნიერო დისკუსიის და სამართლებრივი დავის პროცესში კომპანიის პოზიცია იყო, რომ ჩვენ არ ვერთვებოდით სამეცნიერო დისკუსიაში. ობიექტის ისტორიული მნიშვნელობის და სტატუსის გარკვევა მიგვაჩნდა მეცნიერებისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების პრეროგატივად, ხოლო სალიცენზიო უბანზე საქმიანობის წარმოების საკითხში სრულად ვექვემდებარებოდით სასამართლოს და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებს”,- ნათქვამია განცხადებაში.
საყდრის-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტს 2006 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, კომპანია მიიჩნევს, რომ ამ სტატუსის მინიჭება სათანადო მეცნიერული არგუმენტაციისა და კანონით გათვალიწინებული პროცედურების დაცვის გარეშე მოხდა:
“არემჯიმ“ ვერ შეძლო მოპოვებითი საქმიანობის წარმოება კუთვნილ სალიცენზიო უბანზე, რის შედეგადაც კომპანია იძულებული იყო ემუშავა მინიმალური დატვირთვით. ამის გამო ცენტრალურმა და ადგილობრივმა ბიუჯეტმა ვერ მიიღო ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალი, დაეცა ექსპორტის მოცულობა, შეიზღუდა კომპანიაში დასაქმებული პერსონალის და ზოგადად კაზრეთის მოსახლეობის შრომის პირობების და სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა”,-ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის განცხადებითვე, საქმიანობის მოცულობის შემცირების პირობებში, იმისათვის, რომ წარმოება არ აღმოჩენილიყო ზარალიანი, კომპანიისთვის აუცილებელი იყო ამჟამად დასაქმებული პერსონალის 55%-ით შემცირება.
“თუმცა კომპანიამ გადაწყვიტა საკუთარ თავზე აეღო უმძიმესი ფინანსური ტვირთი და პრაქტიკულად სრულად შეინარჩუნა სამუშაო ადგილები, რითაც კაზრეთის, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებს, ასევე, მთლიანად სახელმწიფოს აარიდა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები და სოციალური აფეთქების საშიშროება. მოცემულ სიტუაციაში საქმიანობის დაწყების თითოეული დღით დაგვიანება დამატებით ათობით ათასი ლარის ზარალს აყენებდა კომპანიას. არსებობდა კომპანიის სრული გაჩერების საფრთხე, რაც, გარდა თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნისა, საწარმოო ციკლის იძულებით შეწყვეტის გამო, ქმნიდა მძიმე ეკოლოგიურ რისკებს”,- წერია განცხადებაში.
საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.
RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.