ეს დეპარტამენტი მთავრობის ადმინისტრაციაში რიგი რეფორმების გატარებისას ჩამოყალიბდა, თავად რეფორმა კი ევროკავშირის ეგიდით ხორციელდება, რათა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საქმიანობა ევროპულ პრაქტიკას კიდევ უფრო მიუახლოვდეს.
“ახალ დეპარტამენტს ესაჭიროებოდა მანდატის, არეალის განსაზღვრა, თუ რა ტიპის სამუშაოს შეასრულებდა სტრატეგიული დაგეგმვისთვის, პოლიტიკის ანალიზისთვის და მთავრობის შიდა კოორდინაციის გაუმჯობესებისთვის. ამ თვალსაზრისით რიგი დონორები გვიწევენ დახმარებას, ერთ-ერთია გაერო, რომელიც გვეხმარება უშუალოდ კოორდინაციის საკითხებში და გაეროს დახმარებით შევძელით ჩამოგვეყვანა ედ მელკერტი”,- ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბრისას თამარ რაზმაძე, დონორების კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, ედ მელკერტი მთავრობის ადმინისტრაციას ეხმარება მმართველობითი პრაქტიკა დახევწოს. იგი მაღალი დონის მრჩეველი, ჰოლანდიის მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრი და მსოფლიო ბანკისა და გაეროს მაღალჩინოსანია. მელკერტი, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მთავრობამ უფრო ეფექტურად მიმართოს მეგობარ ქვეყანათა და დონორთა დახმარებას საქართველოს ინტერესებისა და ხალხის სასარგებლოდ.
“აღნიშნული საჭიროებს სამინისტროების ეფექტიან კოორდინაციას პრემიერ-მინისტრის დავალებით, ხოლო დონორების მხრიდან სრულ მზაობას დაეყრდნონ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს”, – განაცხადა მან.
პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი ნინო კობახიძის დაქვემდებარების ქვეშ მუშაობს.





