რუსეთის დუმაში საქართველოს კურორტებისა და ქართული პროდუქციის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებენ

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ფიზიკური კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ დეგტიარევმა რუსეთის მოქალაქეებს ქართული პროდუქციისა და საქართველოს კურორტების ბოიკოტირებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელისუფლებო მედიასაშუალება “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

რუსეთის დუმის დეპუტატი “რუსოფობიურ გამოსვლებს” უწოდებს თბილისში 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს და მიიჩნევს, რომ ეს იქნება “სწორი გადაწყვეტილება”.

“გაზეტა.რუ-ს” ცნობით, დეპუტატმა საქართველოს ურჩია, დაელოდოს ტურისტებს აშშ-დან და ევროპიდან, მინერალური წყალი ბორჯომი კი ევროპულ ბაზარზე გაყიდოს.

რუსული მედიისვე ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში განვითარებული მოვლენები “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა.


პოლიციამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. აქციაზე ნიკა მელიამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რის ამოწურვის შემდეგაც მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა. პოლიციამ გამოიყენა ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და ა.შ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.