ახალი ამბები

“რუსოფობიული პროვოკაცია” – რუსეთის უშიშროების საბჭოზე თბილისის მოვლენები შეაფასეს

21 ივნისი, 2019 • 1139
“რუსოფობიული პროვოკაცია” – რუსეთის უშიშროების საბჭოზე თბილისის მოვლენები შეაფასეს

საქართველოში შექმნილი ვითარება განიხლეს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობდა.

ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

“ექსტრემისტული ელემენტების მიერ პროვოცირებული რუსოფობიული პროვოკაცია რუს დეპუტატებთან მიმართებაში შეფასდა, როგორც ძალიან სახიფათო გამოვლინება. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, ექსტრემისტებიდან მომდინარე შესაძლო საფრთხის შესახებ გააფრთხილოს რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ტურისტები, რომლებიც საქართველოში მიემგზავრებიან ან იქ იმყოფებიან”, – ნათქვამია კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმაც. მისი თქმით, “რუსულმა მხარემ მონაწილეობა უნდა მიიღოს  თბილისის არეულობის გამოძიებასა და მის მხარდამჭერთა გამოვლენაში.


პოლიციამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. აქციაზე ნიკა მელიამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რის ამოწურვის შემდეგაც მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა. პოლიციამ გამოიყენა ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი