ახალი ამბები

“არა რუსეთს” – თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები აქციას მართავენ

21 ივნისი, 2019 • 2943
“არა რუსეთს” – თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები აქციას მართავენ

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ამ წუთებში [18:30] პირველი კორპუსის ეზოში აპროტესტებენ თბილისში 20 ივნისის აქციის დარბევას.

სტუდენტები აცხადებენ, რომ კრიზისიდან ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი 2020 წლის საპარლამენტი არჩევნების პროპორციული სისტეით ჩატარებაა. თუმცა, ისინი ეწინააღმდგებიან ბრძოლის გაგრძელებას პოლიტიკოსებთან ერთად.

სტუდენტები ხელისუფლებისგან ითხოვენ, დაუყონებლივ გაათავისუფლონ აქციის დარბევისას დაკავებულები.

მოქმედი კანონმდებლობით, საპარლამენტო არჩევნები ტარდება შერეული სისტემით, რაც დომინანტურ პოლიტიკურ ძალას მაჟორიტარების დახმარებით აძლევს საშუალებას, პარლამენტში დაიკავოს იმაზე მეტი ადგილი, ვიდრე აქვს მხარდაჭერა. ხელისუფლებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლიდან დაანონსა მიუხედავად იმისა, რომ ამას ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები 2020 წლიდან ითხოვდნენ.


ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

ჯერჯერობით, აქციის დარბევის შემდეგ თანამდებობის დატოვების შესახებ მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პარლამენტარის მანდატის დატოვება დაანონსა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, თუმცა ამ ნაბიჯებს აქციის მონაწილეები არასაკმარისად მიიჩნევენ და აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

მთავარ ფოტოზე: სტუდენტების აქცია თსუ-ს პირველი კოპრუსის ეზოში. ავტორი: ლაშა ქავთარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი