შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე.
შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე აცხადებს, რომ “პარლამენტის შენობაში შეჭრის თავიდან აცილების”, “საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და “აქციის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნების” გამო, გადაწყვიტეს ცრემლსადენი გაზისა და სხვა საშუალებების გამოყენება. შსს-ში ასევე ამბობენ, რომ აქციის დროს განადგურდა საპოლიციო ტექნიკაც.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ პარლამენტის წინ გაიმართა აქცია. თავდაპირველად აღნიშნული აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს. მოგვიანებით აქციის მონაწილეთა ნაწილი ძალადობის გამოყენებით და პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმით შეეცადა პარლამენტის შენობის შტურმით აღებას. შესაბამისად, აქცია გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო აშკარად ძალადობრივი ხასიათი.
მიუხედავად სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტის შენობის შტურმით აღების და შენობაში შეჭრის მცდელობას, სხვადასხვა საშუალების – ხელკეტების, რკინის კონსტრუქციების, ქვების, ბლაგვი საგნების გამოყენებით, ფიზიკურად ჯგუფურად უსწორდებოდნენ პოლიციელებს, უწევდნენ წინააღმდეგობას და არ ემორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, ახდენდნენ პოლიციელთა განიარაღებას და ართმევდნენ მათ შესაბამის აღჭურვილობას. აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლწესრიგის მასობრივ დარღვევას, რაც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა”, – ნათქვამია შსს–ს 21 ივნისის განცხადებაში.
უწყება აცხადებს, რომ პარლამენტის შენობაში შეჭრის თავიდან აცილების, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის, აქციის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნების, პოლიციელებზე თავდასხმის მოგერიების და მართლწესრიგის ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად, “პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები – ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი”.
შსს ირწმუნება, რომ აღნიშნული საშუალებები გამოყენეს თანმიმდევრულად, მომდინარე საფრთხეების პროპორციულად
“სამართალდამცავებმა ძალადობრივი წინააღმდეგობის გასანეიტრალებლად გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. მას შემდეგ, რაც აღნიშნული საშუალებით წინააღმდეგობის დაძლევა და მართლწესრიგის ჯგუფური დარღვევის აღკვეთა გახდა შეუძლებელი, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა სხვა სპეციალური საშუალებები – არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი”, – აცხადებს შსს.
შსს–სვე ცნობით, სულ, დაკავებულია 305 ადამიანი.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.
უწყება ამბობს, რომ “გამოძიება შეისწავლის თითოეულ ძალადობრივ ინციდენტს. ასევე, სამართლებრივი შეფასება მიეცემა იმ პირთა ქმედებას, რომელთა ორგანიზებით და აქტიური მონაწილეობით მშვიდობიანი აქცია ძალადობრივად გარდაიქმნა. ამასთანავე, იმ შემთხვევაში თუ ადგილი ჰქონდა რაიმე კონკრეტულ ფაქტებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ყველაფერს შეისწავლის.”
ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი.
ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
