“ეს იყო მორიგი აგორებული ჭორი, ბატონი ალექსანდრე არსად წასვლას არ აპირებს და არც მე ვაპირებ, რომ შეველიო მას. ის არის ძალაინ გამოცდილი კადრი, ძალიან სანდო და ერთგული ადამიანი. ვადასტურებ იმას, რომ ეს იყო ჭორი და დღის წესრიგიდან არის მოხსნილი,”– განაცხადა დავით ნარმანიამ.
ალექსანდრე მარგიშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა, სადაც მარგიშვილის გადადგომას პროკურატურის მიერ “თბილისობის” დღესასწაულზე ტენდერების გამოცხადების გარეშე განხორციელებული შესყიდვებით დაინტერესებას უკავშირებდნენ.
პროკურატურის ცნობით, გამოძიება მერიაში 332–ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 182–ე მუხლის მეორე ნაწილით (მითვისება ან გაფლანგვა) მიმდინარეობს.
თბილისის მერის თქმით, დარწმუნებულია, რომ კანონის დარღვევას ადგილი არ ქონია.
“ჩვენ პროკურატურას ოპერატიულად მივაწოდეთ მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, აქვე დარწმუნებული ვარ იმაში და ხაზს ვუსვამ იმას, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ და კანონის დარღვევას ადგილი არ ქონია. თუმცა ჩვენს ინტერესებში შედის პირველ რიგში ის, რომ დადგინდეს, თუ სადმე რაიმე სახის დარღვევას ქონდა ადგილი და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება,”– განაცხადა თბილისის მერმა.
დავით ნარმანია უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში ოფიციალური ვიზიტით დუბლინში იმყოფებოდა. ის ამბობს, რომ პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყება მის არყოფნას არ უკავშირდება, რადგანაც მოკვლევა მის წასვლამდე დაიწყო.