საპატრიარქო: არამართებული მოწოდებებით მიტინგს სახიფათო სახე მიეცა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოში ამბობენ, რომ გუშინ განვითარებული მოვლენები ხელისუფლების შეცდომის გამო მოხდა, რომელსაც მოჰყვა ხალხის სამართლიანი მშვიდობიანი პროტესტი, მაგრამ არამართებული მოწოდებების გამო დემონსტრაციას სახიფათო სახე მიეცა:

“ქვეყნის სიყვარულით გულანთებული ათასობით ახალგაზრდა სამშობლოს ღირსების დასაცავად გამოვიდა რუსთაველზე და თავისი სამართლიანი გულისწყრომა გამოხატა პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს იმ წევრის თავმჯდომარეობის გამო, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.

ეს იყო ხელისუფლების შეცდომა, რომელსაც მოჰყვა ხალხის სამართლიანი მშვიდობიანი პროტესტი; მაგრამ არამართებული მოწოდებებით მიტინგს სახიფათო სახე მიეცა, მოვლენები მყისიერად განვითარდა და პარლამენტის შენობის ძალით დაკავების მცდელობაში გადაიზარდა” – წერია განცხადებაში.

საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებამ გამოიძიოს მომხდარის მიზეზები:

“ვფიქრობთ, საჭიროა, ხელისუფლებამ სასწრაფოდ გამოიძიოს მიზეზები და სათანადო სტრუქტურებმა, მასმედიამ და ექსპერტებმა  მიუკერძოებელი შეფასებები გააკეთონ როგორც მომხდართან დაკავშირებით, ისე ზოგად-პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში, რათა საზოგადოებას არსებული ვითარების  გააზრების საშუალება მიეცეს, შენარჩუნებულ იქნას მშვიდობა და პროცესებმა სამოქალაქო დაპირისპირების სახე არ მიიღოს” – ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.