ახალი ამბები

ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს

21 ივნისი, 2019 • 1682
ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ დეპუტატის მანდატს ტოვებს.

როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, ირაკლი კობახიძის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, არ იქნება სწორი, მან პოზიცია შეინარჩუნოს. ქუცნაშვილის თქმით, პარლამენტში რამე თანამდებობა არ აქვს, გარდა დეპუტატის მანდატისა და მზადაა, ეს მანდატი დატოვოს. ქუცნაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე რომც არ გადამდგარიყო, ის მზად იყო, მანდატი დაეტოვებინა. ქუცნაშვილი პასუხისმგებლობას იღებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ორგანიზების ხარვეზებზე, თუმცა არა აქციის დაშლაზე, რაც ქუცნაშვილის შეფასებით, ოპოზიციის ქმედებებმა გამოიწვია.

ამასთან, ქუცნაშვილი პარტია “ქართული ოცნების” წევრად რჩება.

ზაქარია ქუცნაშვილი დაკავშირებულია საქართველოს პარლამენტში რუსული დელეგაციის ვიზიტთან, რომლებიც გუშინ მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში. ასამბლეას რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსულ ენაზე უძღვებოდა, ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელძი იჯდა.

როგორც გაირკვა, ასაბლეის ამ ფორმატში ჩატარებასა და რუსული დელეგაციის ვიზიტის თაობაზე ინფორმირებული იყო როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ასევე დეპუტატი ქუცნაშვილიც.

გავრილოვის ვიზიტი მრავალათასიან მიტინგზე გააპროტესტეს მოქალაქეებმა. საპროტესტო აქცია გვიან ღამით პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა, ასევე პოლიციამ გამოიყენა რეზინის ტყვიებიც რის შედეგადაც ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, დაშავდა 240 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი