ახალი ამბები

თბილისის კლინიკებში აქციაზე დაშავებული 102 ადამიანი რჩება – სამინისტრო

21 ივნისი, 2019 • 948
თბილისის კლინიკებში აქციაზე დაშავებული 102 ადამიანი რჩება – სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის, თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში, 20 ივნისის აქციაზე დაშავებული 102 ადამიანი რჩება. მათ შორის არის აქციის ის ორი მონაწილე, რომელთაც სამართალდამცველთა მიერ რეზინის ტყვიების სროლის შედეგად თვალი დაკარგეს.

„ნიუ ჰოსპიტალში“ მოთავსებული 24 პაციენტიდან 6-მა კლინიკა უკვე დატოვა. სტაციონარში მყოფ 18 დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო სერვისები მიეწოდება. უწყების ცნობითვე, პაციენტებიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, შედარებით მძიმეა.

20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით 240 პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. დაშავებულთა შორის, ოფიციალური ინფორმაციით, 80 სამართალდამცველი იყო.

ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.


ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს აგრძელებს და ვითარების განსამუხტად 3 წინაპირობას ასახელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი