ახალი ამბები

ბესელია: ხელისუფლება პროცესებზე კონტროლს კარგავს და დროულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს

21 ივნისი, 2019 • 1303
ბესელია: ხელისუფლება პროცესებზე კონტროლს კარგავს და დროულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, აქციის დარბევისას სამართალდამცავებმა პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპს გადააჭარბეს. მისივე თქმით, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა უპირველესად “ქართულ ოცნებას” ეკისრება.

“საუბარი მინდა დავიწყო ხელისუფლების პასუხისმგებლობით, რომელმაც  ვერ გააცნობიერა საზოგადოებრივი პროტესტის მოსალოდნელი საფრთხე,” – ამბობს ეკა ბესელია და აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

დეპუტატის აზრით, პარლამენტის თავმჯდომარის უპასუხისმგებლობამ გამოიწვია საზოგადოებრივი მღელვარება, რადგან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პარლამენტში გამართვა მისი გადაწყვეტილება იყო:

” მმართველმა პარტიამ მას გუშინ არ დაატოვებინა  თანამდებობა და ეს გადაიზარდა ისეთ დაპირისპირებაში, რომელსც აშკარად ჰქონდა უკანონო სახე. ძალადობრივი მოწოდებები, რაც ცალკეული პირების მხრიდან ისმოდა,  დაუშვებლად მიმაჩნია. იყო თავდასხმა და ძალის გამოყენება როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციის მხრიდან. ამიტომ, აქ არის ორმხრივი პასუხისმგებლობა. ფაქტია, მძიმე შედეგი დადგა, რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა და ჯანმრთელობა დაუზიანდა.”

ბესელიას განცხადებით, ამ შედეგებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ქართულ ოცნებას ეკისრება, რომელმაც ვერ გაიაზრა ამ პროტესტის მნიშვნელობა, მასშტაბი და საფრთხე. დეპუტატი ასევე ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ყველა იმ ლიდერს ეკისრება, რომელიც სამართლიანად აღშფოთებულ ადამიანებს ძალადობრივი ქმედებებისკენ მოუწოდებს.

დეპუტატი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მხარს უჭერს. “ასევე ვუჭერ მხარს 2020 წელს ხელისუფლების შეცვლას არჩევნების გზით”, – ამბობს ის.

ეკა ბესელიას თქმით, თუ გავითვალისწინებთ იმას,  რომ ქართული ოცნება პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლს კარგავს და დროულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, შესაძლოა ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

“ისინი თავად მოიყვანენ ვადამდელი არჩევნების საკითხს. ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორც მოიქცევა ქართული ოცნება. ის უნდა გრძნობდეს და იაზრებდეს პასუხისმგებლობას და მღელვარების შესაძლო შედეგებსაც,” – ამბობს ეკა ბესელია.

რაც შეეხება დღეს, 21 ივნისს დანიშნულ აქციას, დეპუტატის თქმით, ის ყოფილი მოძალადეების გვერდით ვერ დადგება, მაგრამ იქნება ყველა ადამიანის გვერდით, ვინც სამართლიანად გამოხატავს პროტესტს:

“ჩვენ ხალხის პროტესტს ვუერთდებით. მე არ მინდა წარსულში დაბრუნება. ჩვენ გვინახავს ძალადობრივი რეჟიმი, რომლის წინააღმდეგაც მიბრძოლია და მე არ ვაპირებ იმ ადამიანებს ვიდგე გვერდით, ვინც თავად იყო მოძალადე, მაგრამ ვიდგები ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც სამართლიანად გამოხატავს პროტესტს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის, თუ ნებისმიერი სხვა პირის მიმართ, ვინც ჩვენი ქვეყნის ღირსებას შეურაცხყოფს.”

რა მოხდა

ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი