ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება

21 ივნისი, 2019 •
ირაკლი კობახიძე ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება

უშინ განვითარებული მოვლენების დროს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა. კობახიძე დღეს დანიშნულ პოლიტსაბჭოს სხდომას დაესწრება და ბაქოში ვიზიტს შეწყვეტს.

აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გუშინ სწორედ ირაკლი კობახიძის გადაყენება იყო, რომელმაც საკუთარი სავარძელი მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო სესიაზე დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს დაუთმო, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

როდის დაბრუნდება კობახიძე საქართველოში დაზუსტებული არ არის – გუშინ ,,ქართული ოცნების” ბრიფინგებზე თბილისის მერი – კახი კალაძე და პრემიერი მამუკა ბახტაძე აცხადებდნენ, რომ აუცილებლად მოუწევს ახსნა-განმარტების გაკეთება ხალხისთვის მაღალი თანამდებობის ყველა იმ პირს ვინც მართლმადიდებლური სესია ასე დაგეგმა და გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მთავარ შენობაში შემოუშვა.

მთავრობის არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი ამ დრომდე არ აუღია მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

საპროტესტო აქციაზე სიტუაცია გუშინ, გვიან ღამით დაიძაბა, როცა სპეცდანიშნულების რაზმმა, რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის საშუალებით პარლამენტის წინ შეკრებილების დაშლა დაიწყო. სპეცდანიშნულების რაზმი უკვე დაშლილ აქციაზე დამიზნებით ესროდა აქტივისტებს რეზინის ტყვიებს. აქციაზე სამმა ადამიანმა დაკარგა მხედველობა, დაშავებულები არიან როგორც პოლიციის, ასევე აქციის მონაწილეთა მხრიდან.

აქციაზე შეკრებილები რუსი დეპუტატის, სერგი გავრილოვის მიერ პარლამენტის სპიკერის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. ისინი ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდნენ.

კობახიძემ ვიზიტი რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გააუქმა. პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეების დასარბევად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაშავებულები საავადმყოფოში იმყოფებიან.

აქციაზე შეკრებილები რუსი დეპუტატის, სერგი გავრილოვის მიერ პარლამენტის სპიკერის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. ისინი ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდნენ.

რა მოხდა

ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი