ახალი ამბები

წყლით წამება, ძილის აკრძალვა – მეთოდები, რომლითაც სენატის ანგარიშით, CIA მუშაობს

11 დეკემბერი, 2014 •
წყლით წამება, ძილის აკრძალვა – მეთოდები, რომლითაც სენატის ანგარიშით, CIA მუშაობს

სენატის ანგარიშის რეზიუმეში ნათქვამია, რომ იმ ეჭვვმიტანილების დაკითხვისას, რომლებიც შესაძლოა ალ-ქაიდას წევრები იყვნენ, CIA სასტიკ მეთოდებს იყენებდა 9/11 ტერაქტის შემდეგ. ანგარიშის თანახმად,  119 შემთხვევიდან მინიმუმ 26 დაპატიმრება იყო უკანონო და გაგრძელდა იმაზე მეტხანს, ვიდრე შეიძლებოდა, რომ გაგრძელებულიყო.  მეთოდები, რომლებსაც იყენებდნენ, გულისხმობდა ძილის აკრძალვას  180 საათის განმავლობაში, ან ფეხზე დგომას და მტკივნეულ პოზაში ყოფნას.  ალ-ქაიდას ეჭვმიტანილი აბუ ზუბაიდაი დამწყვდეული ჰყავდათ კუბოს ზომის ყუთში რამდენიმე საათის განმავლობაში. წყლის გამოყენებით ადამიანებს ფიზიკურ დაზიანებებს აყენებდნენ, რომლებიც კრუნჩხვებსა და ღებინებაში გამოიხატებოდა.

გაეროს სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ბენ ემერსონის თქმით, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც დანაშაულს გეგმავდნენ, აუცილებელია გამოძიება დაიწყოს, ისევე, როგორც CIA და ამერიკის მთავრობის წარმომადგენლები არიან პასუხისმგებელნი წყლის გამოყენებით წამებაზე.

 

ორგანიზაციის “Human Rights Watch” ხელმძღვანელი კენეთ როთი ამბობს, რომ  CIA-ის მიერ გამოყენებული ხერეხები კრიმინალია და მისი გამართლება წარმოუდგენელია.

“თუ ეს პროცესი  თანამდებობის პირების მიმართ გამოძიებამდე არ მიგვიყვანს, წამება კვლავ დარჩება ალტერნატივად მომავალი პრეზიდენტებისთვის”, – ამბობს ის.

ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ ეს ანგარიში უკვე არსებული კამათს კი არ გააცოცხლებს, არამედ ” დაგვეხმარება, რომ ეს მეთოდები დავტოვოთ იქ, სადაც მისი ადგილია – წარსულში”. ობამამ პრეზიდენტის თანამდბობაზე მოსვლისთანავე, 2009 წელს აკრძალა დაკითხვისას სასტიკი მეთოდების გამოყენება.

ბიბისი წერს, რომ ბუშის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების მიმართ საგამოძიებო  მოქმედებების დაწყების შანსები საეჭვოა, რადგან აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა უკვე განაცხადა, რომ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშრიებით 2000 წლიდან მოყოლებული  ორჯერ დაიწყო გამოძიება, რომელიც მტკიცებულებების ნაკლებობის გამო შეწყდა.

“რესპუბლიკელებმა” სენატის დაზვერვის კომიტეტიდან ალტერნატიული ანგარიში გავრცელეს, რომლშიც წერია, რომ სენატის ანგარიში არასანდო მეთოდოლოგიით და პოლიტიკური მოსაზრებებითაა შედგენილი.

თავად  CIA ამტკიცებს, რომ დაკითხვები მათ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარა.

“პროგრამის მიერ მიღებული ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ალ-ქაიდას შესასწავლად”- ამბობს CIA-ის ხელმძღვანელი.

 

ანგარიშის გაცნობისას სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიან ფეინშტეინმა ამ ქმედებებს “ამერიკის ისტორიის შავი ლაქა” უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი