ახალი ამბები

ადვოკატი: რუსეთში ექსტრადირების შემთვევაში, კადიევი შეიძლება მოკლან

10 დეკემბერი, 2014 •
ადვოკატი: რუსეთში ექსტრადირების შემთვევაში, კადიევი შეიძლება მოკლან

“ის ვერ ასაბუთებს თავისი წარმოშობის ქვეყანაში დევნის, ან შესაძლო დევნისა და საფრთხის წყაროებს,“– განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსმა ლევან ბარდაველიძემ.

გარდა ამისა, ბარდაველიძის თქმით, კადიევი თავად ვერ ადასტურებს მისი წარმომადგენლების განცხადებებს მის მიმართ სხვადასხვა სახის დევნის არსებობის შესახებ.

„თვითონ ამის თაობაზე ევრ საუბრობს და ფაქტობრივად, რაზეც საუბრობენ მისი წარმომადგენლები, თვითონ ამას ვერ ადასტურებს თავის ახსნა–განმარტებებში, მასთან ჩატარებულ გასაუბრებებში, დამატებით ახსნა–განმარტებებში და ა.შ.“– აცხადებს ბარდაველიძე.

კადიევის ადვოკატი მალხაზ პატარაია კი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რუსეთის პოზიციის გატარებაში ადანაშაულებს.

 

„ჩემი აზრით, ლტოლვლითა სამინისტროს პოზიციას, რაც წარმოდგენილია სააპელაციო სასამართლოში, აკლია პუტინის სურათი და მისი ხელმოწერა.  ეს არ არის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პოზიცია, ეს არის რუსული პოზიცია და ჩვენ შევეცდებით პუნქტობრივად ამ პოზიციების უარყოფას და იმ სამარცხვინო დოკუმენტის გაბათილებას, რომელიც აქ, სასამართლოში დევს,“– განაცხადა მალხაზ პატარაიამ პროცესის დასრულების შემდეგ.

ადვოკატი ამბობს, რომ კადიევი უფლებადამცველია, ის იცავდა ადამიანის უფლებებს დაღესტანში და იდევნებოდა  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა და საკუთარი სარწმუნოების გამო.

„მისი გადაცემა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მას უბრალოდ იქ მოკლავენ,“– ამბობს ადვოკატი.

ლევან ბარდაველიძემ განაცხადა, რომ  კადიევის ექსტრადირების ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს არ ეხება, თუმცა მანამდე აღნიშნა, რომ „მასთან დაკავშირებით რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილეს გაცემული აქვს დიპლომატიური გარანტია, რომ მას რუსეთის ფედერაციაში ექნება სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობა“.

დაცვის მხარის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ექსტრადირების შესახებ სასამართლო პროცესზე.

 

„ექსტრადირების სასამართლოს, ანუ სისხლის სამართლის პროცესის არგუმენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ სასამართლოს არგუმენტები. იმდენად, რამდენადაც შინაარსობრივად, როგორც ლტოლვილის შესახებ სტატუსის მინიჭების ფორმულირება, ისე ექატრადიციის აკრძალვის ფორმულირებები, ერთმანეთს ემთხვევა,“– აცხადებს ადვოკატი მალხაზ პატარაია.

მიკაილ კადიევსა და მისი ბიძაშვილს, როზმან ომაროვს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლომ 2–2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვს“ წარმომადგენლის, ჯოყოლა აჭიშვილის თქმით, განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კი, მისი თქმით, 11 იანვარს გახდება ცნობილი. აჭიშვილის თქმით, ექსტრადირების შესახებ რუსეთმა საქართველოს კადიევის დაკავებიდან მალევე მიმართა.

„თუ არ მოხდა მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება, იმის შემდეგ დაიწყება განხილვა ექსტრადიციის შესახებ,“– აცხადებს აჭიშვილი

სააპელაციო სასამართლოში საქმის შემდგომი განხილვა 21 იანვარს, 11 საათზე არის დანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი