ახალი ამბები

რუსთაველზე დემონსტრანტების დარბევა გრძელდება

21 ივნისი, 2019 • 1425
რუსთაველზე დემონსტრანტების დარბევა გრძელდება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი აგრძელებს დემონსტრანტების დარბევას.

რუსთაველის გამზირის ნაწილი სპეცრაზმის კორდონს აქვს დაკავებული, რომელიც დროდადრო წინ მოიწევს და გაზის კაფსულებს ისვრიან. არიან დაშავებულები.

~

პარლამენტთან უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს მრავალათასიანი  აქცია. აქციის მონაწილეები ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი