აქციის დარბევისას დაშავდნენ პირველი არხის, რ2-სა და ტვ პირველის ოპერატორები

სულ მცირე, სამი მედიასაშუალების წარმომადგენელმა მიიღო დაზიანებები თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ აქციის დარბევისას. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები.

როგორც პირველი არხი იტყობინება, მათ ოპერატორს რეზინის ტყვია, სავარაუდოდ, სახის არეში მოხვდა და ის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. საავადმყოფოში გადაჰყავთ რუსთავი 2-ის ოპერატორიც. როგორც ტვ პირველი იტყობინება, რეზინის ტყვია მოხვდა მათ ოპერატორსაც, რომელიც მოვლენებს აშუქებდა. დარბევისას დაშავდნენ On.ge-ს ჟურნალისტებიც.

აქციის დარბევისას სამართალდამცავებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ნეტგაზეთის ჟურნალისტ გიორგი დიასამიძესაც. ის ამჟამად უსაფრთხოდ არის.

მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა გაუფრთხილებლად დაიწყეს აქციის მონაწილეთა დარბევა, არაერთი ადამიანი დაშავდა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჩვენთვის უცნობია. დაშავებულებს ვიზუალურად ეტყობათ დაზიანებები. ადგილზე მუშაობა ცრემსლადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამო გაუსაძლისია მედიისთვისაც.


რა მოხდა

პარლამენტთან უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს მრავალათასიანი  აქცია. აქციის მონაწილეები ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

მთავარ ფოტოზე: რუსთავი 2-ის დაშავებული ოპერატორი ლევან მელიქიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.