ახალი ამბები

გრიგოლ ვაშაძე და ნიკა მელია პარლამენტში გახარიასთან შესახვედრად შევიდნენ

20 ივნისი, 2019 • 1290
გრიგოლ ვაშაძე და ნიკა მელია პარლამენტში გახარიასთან შესახვედრად შევიდნენ

ენმ-ს ლიდერები გრიგოლ ვაშაძე და ნიკა მელია პარლამენტის შენობაში შევიდნენ, სადაც იმყოფება შსს მინისტრი გიორგი გახარია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ისინი შეხვედრას გამართავენ მინისტრთან. მათ შეიძლება ოპოზიციის სხვა ლიდერები შეუერთდნენ.

ამ დროისთვის პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და  თანამდებობის პირების გადადგომას.

აქციის მონაწილეები ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომას. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი