ახალი ამბები

აქციის მონაწილეები პარლამენტის ეზოში შეჭრას ცდილობენ

20 ივნისი, 2019 • 1419
აქციის მონაწილეები პარლამენტის ეზოში შეჭრას ცდილობენ

ადამიანები, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები და რამდენიმე თანამდებობის პირის გადადგომას ითხოვენ, პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობენ.

ამ წუთებში დაპირისპირებაა აქტივისტებსა და პოლიციელებს შორს. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა — ნიკა მელიამ, გრიგოლ ვაშაძემ და გიგი უგულავამ — რამდენიმე საათის წინ თქვეს, რომ თუკი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური უახლოეს საათებში არ გადადგებიან თანამდებობებიდან, ისინი პარლამენტის შენობას მშვიდობიანად დაიკავებენ.

ირაკლი კობახიძემ, რომელიც ბაქოში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში ჩართვისას თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს.

ამასთან, ოპოზიციის ლიდერები ითხოვენ, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით. ამჟამინდელი მოცემულობით, საქართველოს პარლამენტის არჩევნები პროპორციული სისტემით 2024 წელს უნდა გაიმართოს.

საღამოს პარლამენტის წინ დაიწყო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო. რუსთაველის გამზირი დემონსტრანტების დიდი რაოდენობის გამო გადაკეტილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი