ახალი ამბები

უმძიმესი სანახავია მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა – პრემიერი

20 ივნისი, 2019 • 1045
უმძიმესი სანახავია მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა – პრემიერი

“უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა”, – ამ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე ავრცელებს.

მისი თქმით, ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს.

“სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს – დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე”, – აცხადებს ბახტაძე.

საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.

დღევანდელ სხდომას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რომელიც ასამბლეის ხელმძღვანელია. მან პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ადგილი დაიკავა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო სივრცეში.

გავრილოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა, თუმცა თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.

ფაქტს ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა: ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაიკავეს და განაცხადეს, რომ არ შემოუშვებენ რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვს, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობს.

გავრილოვს დარბაზი დაატოვებინეს, თუმცა ამ ეტაპზე დაუზუსტებელია, სად იმყოფება ის. უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ, დაადასტურა, რომ ღონისძიება პარლამენტში აღარ გაგრძელდება, თუმცა არ დაუზუსტებია, სად განახლდება ის.

რამდენიმე საათია, პარლამენტთან აქტივისტები აქციას მართავენ გავრილოვის ვიზიტის წინააღმდეგ. მათი ნაწილი, ტრანსპარანტებითა და შეძახილებით, უშუალოდ პარლამენტის შენობაშიც შევიდა.

დაძაბულობის ფონზე, გავრილოვის ვიზიტი, ოპოზიციის გარდა, უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა, საქართველოს პრეზიდენტმა, თბილისის მერმა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ დაგმო.

მასალების გადაბეჭდვის წესი