შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დაიბარა.
უწყების თანახმად, ბიზნესმენი გამოკითხვაზე დაბარებულია გამოძიების ფარგლებში, რომელიც მის მიერ “სახალხო რაზმების” შექმნის დაანონსების შემდეგ დაიწყო.
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 16 ივნისს მუქარით თქვა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ შექმნის „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“ – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში. ახსენა „კომბლებიც“. იმავე საღამოს ვერის ბაღში შეკრებილმა ხალხმა დაიწყო ჩაწერა ვასაძის დაანონსებულ „რაზმებში“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მეორე დღეს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე.