ახალი ამბები

ჰომოფობიურმა დაჯგუფებამ მოქალაქეს სახლში ცისარტყელისფერებიანი ფარდა ჩამოახსნევინა

19 ივნისი, 2019 • 2525
ჰომოფობიურმა დაჯგუფებამ მოქალაქეს სახლში ცისარტყელისფერებიანი ფარდა ჩამოახსნევინა

ჰომოფობიურმა დაჯგუფებამ, რომელმაც დღეს “თბილისი პრაიდის” ოფისთან აქცია გამართა, მარჯანიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოქალაქეს კერძო ბინაში ფანჯრიდან ცისარტყელისფერებიანი ფარდა ჩამოახსნევინა, რადგან LGBT მოძრაობის სიმბოლო ეგონა. ინფორმაციას ამის შესახებ “პირველი არხი” არვცელებს.

როგორც ტელეარხს დაჯგუფების წევრებმა უთხრეს, მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს ნამდვილად დროშა იყო თუ ფარდა.

“რა მნიშვნელობა აქვს, ფარდა იყო თუ დროშა? ხომ იცოდა, რისი სიმბოლიკაც არის, სხვა ფერის ფარდა გააკეთოს. ეს დღეს გააკეთა შეგნებულად, წინა თვეში რატომ არ ქონდა ეს ფარდა, ან წინა კვირაში?” – უთხრა ჰომოფობიური აქციის მონაწილემ “პირველ არხს”.

პოლიცია უშედეგოდ ცდილობდა მათ დარწმუნებას, რომ ეს იყო კერძო საკუთრება და ამასთანავე, ბინაში ჩამოკიდებული ნაჭერი იყო ფარდა და არა – დროშა.

ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების ჯგუფი ამჟამად ვერის ბაღშია დაბანაკებული. მათ რამდენიმე დღის წინ ლგბტქი თემის მიმართ მუქარა გაავრცელეს და თქვეს, რომ მათ არ მისცემენ “ღირსების მარშის” ჩატარების საშუალებას. ამასთანავე, პოლიციამ რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ ის “ღირსების მარშის” მონაწილეთა უსაფრთხო მსვლელობას ქალაქში ვერ უზრუნველყოფდა. აღნიშნულს საკუთარი კონსტიტუციური უფლებების შელახვად მიიჩნევენ ლგბტქი თემის წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი