ახალი ამბები

არანაირი დისკომფორტი, ძალიან ბედნიერი ვარ, საქართველო ჩემი სამშობლოა – გავრილოვი

19 ივნისი, 2019 • 3158
არანაირი დისკომფორტი, ძალიან ბედნიერი ვარ, საქართველო ჩემი სამშობლოა – გავრილოვი

“არანაირი დისკომფორტი. ძალიან ბედნიერი ვარ, საქართველო ჩემი სამშობლოა”, – ასე უპასუხა რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ჟურნალისტების დღეს, 19 ივნისს, თბილისში. ჟურნალისტებმა რუს დეპუტატს ჰკითხეს, განიცდის თუ არა დისკომფორტს აქ [საქართველოში] ყოფნით მისი განცხადებების შემდეგ.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობს. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) იმართება.

“საქართველოს პარლამენტმა მომიწვია. 2 წლის განმავლობაში წყდებოდა ამ ასამბლეის თბილისში ჩატარების საკითხი. მიგვაჩნია, რომ საქართველო კარგად მოემზადა. ჩვენი მიზანია, შევეცადოთ ვიპოვოთ შესაძლებლობები დიალოგისთვის. მთავარი საკითხები უკავშირდება ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ თანამშორმლობას, კულტურასთან და განათლებასთნ დაკავშირებულ თემებს. ბოლო ერთ წელიწადში გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა,  ტურისტების რიცხვი, მაგრამ ჰუმანიტარულ თანამშრომლობაში ჩამოვრჩებით. ამ სახის თანამშრომლობის საფუძველი, როგორც პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, მართლმადიდებლობა და მართლმადიდებლური ფასეულობებია”, – განაცხადა გავრილოვმა “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში ჯერ კიდევ ღონისძიების დაწყებამდე.

“ევროპული საქართველო”, ისევე როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ბოიკოტს უცხადებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიას, რომელიც თბილისში 19-22 ივნისს იმართება.

რუსეთის დელეგაციას თბილისში საპროტესტო აქციით დახვდნენ მოქალაქეები.

რუსი დეპუტატები თბილისში დაგეგმილ ასამბლეაზე და ოპოზიციის ბოიკოტი

მთავარ ფოტოზე: სერგეი გავრილოვი, პირველ რიგში მარჯვნიდან პირველი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი