ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს – საპატრიარქო პრაიდზე

თბილისის პრაიდის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ის კვლავ აღნიშნავს “მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას” ღონისძიების მიმართ, თუმცა აგრესიის შემცველ განცხადებებს ემიჯნება.

“ბოლო დროს ე.წ.  LGBT-პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უკიდურესად დაძაბა ვითარება ქვეყანაში.

აღნიშნულთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქომაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა.

ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს,  როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან.

პირველ რიგში მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება”, – ამბობს საპატრიარქო.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ გასულ კვირას ხელისუფლებას მოუწოდა,   თბილისში 18-23 ივნისს დაგეგმილი პრაიდი ქვიარ თემს არ ჩაატარებინოს.  საპატრიარქო მაშინ ამბობდა , რომ “როდესაც მცირე ჯგუფი ცდილობს თავისი პოზიცია თავს მოახვიოს მთელ მოსახლეობას, ეს, თავისთავად, იწვევს მკვეთრ უკურეაქციას, ვინაიდან წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, უმრავლესობის  ღირსების შეურაცხყოფას, მათ არჩევანზე ძალადობას და ამდენად არის მაპროვოცირებელი არეულობისა და დაპირისპირებისა”.

თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა განცხადება ძალადობისკენ მოწოდებად შეაფასეს. სწორედ ამ დღეს სცადეს ლგბტ თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის გამართვა, რაშიც ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მათ ხელი შეუშალეს.

შემდგომ, როცა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პრაიდის წინააღმდეგ “ლეგიონის” შექმნა დააანონსა, სასულიერო პირთა ნაწილმა მას ღიად დაუჭირა მხარი, ნაწილი კი ძალადობისაკენ მოწოდებებს გაემიჯნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან