საკანონმდებლო ორგანოს წინ გაიმართება ბრიფინგი პედაგოგთა მოთხოვნის შესახებ: გაიზარდოს პედაგოგთა საბაზო ხელფასი 2015 წლის 1 იანვრიდან იმ გათვლებით, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში ის გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს, რომელიც დაახლოებით 750 ლარია.
2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საჯარო სკოლების მასწავლებელთა საბაზო ხელფასის ზრდა დაიწყება სექტემბრიდან.
“პედაგოგთა ხელმოწერები და ჩვენი მოთხოვნა პროტესტის გამოხატვის მშვიდობიანი და კონსტიტუციური ფორმაა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი რაიონული საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებისა და საჯარო სკოლების დირექტორების მხრიდან პედაგოგებზე ზეწოლა განხორციელდა და სკოლებში ანტი-პროფკავშირული პროპაგანდა დაიწყო.
იმედი გვაქვს, საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს პედაგოგთა სამართლიან მოთხოვნას და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას. არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს არ აქვს შესაძლებლობა 62 000 პედაგოგს ერთდროულად მოუმატოს ხელფასი და საბაზო ხელფასის ზრდის პროცესი დაიწყოს მომდევნო წლის სექტემბრიდან, ჩვენთვის მიუღებელია” – აცხადებს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე.