დავაკავეთ ექიმი, ვინც პაციენტი ფსიქიატრიულ კლინიკაში არ მიიღო – შსს

რუსთავში, 12 წლის მოზარდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, პოლიციამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე ექიმი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1984 წელს დაბადებული თ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი ედება სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში, რამაც
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 თებერვალს, ფსიქიკური ჯანმრთელობისა
და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს სამედიცინო დახმარებისთვის მოქალაქე ვ.ი.-მა და მისმა ნათესავებმა მიმართეს. მათ ექიმ თ.ა.-ს პაციენტ ვ.ი.-ს ფსიქიატრიული გამოკვლევა და სტაციონარში მოთავსება სთხოვეს, ექიმმა კი არ გაუწია შესაბამისი დახმარება, რის შემდეგაც ვ.ი.-მ. სამედიცინო დაწესებულება დატოვა. მეორე დღეს მან დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 12 წლის ძმისშვილს  გ.ი.-ს, რომელიც გარდაიცვალა.

საქმეზე ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ვ.ი.-ს აღენიშნებოდა ფსიქიკური აშლილობა – ეპილეფსიური ფსიქოზი და არსებობდა რისკი, რომ მას მიეყენებინა ზიანი როგორც საკუთარი თავისათვის, ასევე სხვისთვის.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამავე თემაზე:

მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის მეგობრების თქმით, კაცი ფსიქიატრიულში არ მიიღეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.