ახალი ამბები

ვქმნით ჯგუფებს შრომის ტექნიკური უსაფრთხოების ზედამხედველობისთვის — ბახტაძე

17 ივნისი, 2019 •
ვქმნით ჯგუფებს შრომის ტექნიკური უსაფრთხოების ზედამხედველობისთვის — ბახტაძე

საქართველოს მთავრობა შრომის ტექნიკური უსაფრთხოების ზედამხედველობისთვის ქმნის „მარეგულირებელი ინსტიტუტებით დაკომპლექტებულ ერთობლივ ჯგუფებს“, რომლებიც, პრემიერ-მინისტრის თქმით, „განახორციელებენ ინტეგრირებულ მონიტორინგს სამშენებლო კომპანიებში“.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 17 ივნისს განაცხადა, რომ შრომის უსაფრთხოება ბოლო წლების განმავლობაში „ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევაა“ იმის გამო, რომ „სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით მოხდა სამართლებრივი ვაკუუმის შექმნა ამ სფეროში“.

ბახტაძემ თქვა, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით სამშენებლო ობიექტებზე იჩენს თავს. „შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შრომის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის, მონიტორინგისა და მყისიერი რეაგირების მიზნით შეიქმნება სახელმწიფო მარეგულირებელი ინსტიტუტებით დაკომპლექტებული ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც განახორციელებენ ინტეგრირებულ მონიტორინგს სამშენებლო კომპანიებში“, — განაცხადა პრემიერმა.

ბახტაძის თქმით, ეს ნაბიჯი „ხელს შეუწყობს სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფართხის შემცველ გარემოში მოხვედრის ალბათობის შემცირებას და მინიმუმამდე დაიყვანს უბედური შემთხვევის რისკს“.

„ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მოხდება ცნობიერების ამაღლება, დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სამშენებლო სფეროში დასაქმებული და ამავე დროს დამსაქმებელი კომპანიებისთვის“, — თქვა პრემიერმა და დასძინა, რომ მონიტორინგის ჯგუფები ჯერ მხოლოდ თბილისში იმუშავებენ, შემდეგ კი რეგიონებშიც.

პრემიერს არ დაუზუსტებია, როდის შეიქმნება ჯგუფები, უშუალოდ ვინ დააკომპლექტებს ან კონკრეტულად რა უფლებამოსილება ექნებათ მათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი