ახალი ამბებიკომენტარისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზების და ოსების ნდობის აღდგენა პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმირებაში დევს – რეზი ქოიავა

17 ივნისი, 2019 • 5720
აფხაზების და ოსების ნდობის აღდგენა პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმირებაში დევს – რეზი ქოიავა

რეზი ქოიავა, პირველი არხის ანალიტიკოსი, თბილისი


დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზა საქართველოსთვის რთული და წინააღმდეგობებით სავსე აღმოჩნდა. საქართველო, პოსტსაბჭოთა სივრცის რიგი ქვეყნების მსგავსად, ვერ გადაურჩა ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტებს, რომლის მძიმე შედეგებიც დღესაც აისახება ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე.

სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე არ არსებობს ფუნდამენტურ საკითხებზე ერთიანი მოსაზრება, რომელიც ახალი პოლიტიკის ჩამოყალიბების შესაძლებლობას გააჩენდა, მათ შორის კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებითაც. 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები გაყინული, ხოლო ამ ნეგატიური სტატუს-კვოს ცვლილების წინაპირობები ბუნდოვანია. კონფლიქტების მარტივად მოგვარების განცდა, რომელიც 1995-2007 წლებში არსებობდა, რეალურად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების პერიოდად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მნიშვნელოვანი გარღვევა ამ მიმართულებით ვერ მოხდა 2012 წელს – ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც. მთავარი მოლაპარაკებების პლატფორმა – ჟენევის მოლაპარაკებები შექმნიდან 11 წლის შემდეგ კვლავ ჩიხშია შესული.

ამ მდგომარეობაში აუცილებელია არსებული ვითარების გაანალიზება და საკუთარი თუ სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოსავლის ძიებაზე ფიქრის დაწყება. საჭიროა კონფლიქტებთან დაკავშირებით სრულიად ახალი მიდგომის შემუშავება, რომელიც ორიენტირებული იქნება თანამშრომლობასა და ნდობის აღდგენაზე.

ახალი პოლიტიკა მოითხოვს ე.წ. დეველოპმენტალისტური მიდგომის განხორციელებას. დღემდე საქართველოში კონფლიქტების დარეგულირების სტრატეგიები განვითარების საკითხების მიღმა არსებობს. მდგრადი განვითარების გარეშე კი შეუძლებელია მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა კონფლიქტების დარეგულირების საქმეში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში ვერ განხორციელდა მძლავრი დემოკრატიული მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასა და ყოვლისმომცველ განვითარებასაც გულისხმობს. იმ პირობებში, როცა საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია და სიღარიბეს ვერ აღწევს თავს, საქართველოს მთავრობას გაუჭირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დარწმუნება საერთო სახელმწიფოში ცხოვრების პერსპექტივაზე.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ნდობის დაბრუნების და სამომავლოდ საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების რეცეპტი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმირებაში დევს. ცხადია, რომ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში განხორციელებულმა პრივატიზაციის, დაბალი გადასახადებისა და სახელმწიფოს აქტივობის შესუსტების ნეოლიბერალურმა პოლიტიკამ საყოველთაო კეთილდღეობა ვერ უზრუნველყო. უმუშევრობა, უთანასწორობა და სიღარიბე კვლავ მაღალ დონეზე რჩება. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია დემოკრატიული განვითარების კუთხით და თავი დააღწია უმძიმეს 90-იან წლებს, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება აფხაზების და ოსების თვალში მის მიმზიდველობას და ერთიან საქართველოში დაბრუნების სურვილს ამცირებს.

განვითარების პარალელურად აუცილებელია შენარჩუნდეს პროაქტიური, მშვიდობასა და ნდობის მშენებლობაზე ორიენტირებული პოლიტიკა. თავისთავად განვითარება, თუ მისი არასწორი ინსტრუმენტალიზაცია მოხდება, შეიძლება სამშვიდობო პროცესისთვის ხელისშემშლელ ფაქტორადაც კი იქცეს. ამის კარგი მაგალითია კვიპროსი, რომლის მიმზიდველობაც განვითარების და ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ გაიზარდა, თუმცა 2004 წლის რეფერენდუმზე არაღიარებულ ჩრდილოეთ კვიპროსთან გაერთიანებაზე უარი თავად კვიპროსის მცხოვრებლებმა ნაციონალისტური მოტივების გამო თქვეს.

გაეცანით რუბრიკის “მოქალაქეების აზრი კონფლიქტებზე” სხვა მასალებს აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი