აფხაზეთში ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან საუბრის დროს დაურ კოვემ, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მამუკა ბახტაძის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ აფხაზეთში აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 600 ათასი ლარი დახარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება.
კოვემ განაცხადა, რომ ფაროსანასთან საბრძოლველად პრეპარატები რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიიღეს და “ამას საქართველოს ბიუჯეტთან შეხება არ აქვს”.
“ჩვენ გვაქვს ყველა დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ამ ტვირთის მიღებას მოწმობს. თუ საქართველოს მთავრობას აფხაზეთის მთავრობისთვის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პრეპარატების გადაცემის დოკუმენტაცია აქვს, ვფიქრობ და საჭიროა, რომ ეს უნდა გაასაჯაროონ”, – განაცხადა კოვემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ქართულმა მხარემ აფხაზეთს 2018 წელს გადასცა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესაწამლი ტექნიკა, ფერომონები, სპეციალური აღჭურვილობა და საჭირო პესტიციდები, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 600 000 ლარზე მეტი. მოხსენება 2018 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობას შეეხება.
ფაროსანასთან საბრძოლველად აფხაზეთს 600 000 ლარზე მეტი ღირებულების საშუალება გადაეცა – მთავრობა