ახალი ამბები

ორი ჯგუფის დაპირისპირებისას სახელმწიფოს მოვალეობა შუაში ჩადგომაა – კობახიძე

15 ივნისი, 2019 • 1282
ორი ჯგუფის დაპირისპირებისას სახელმწიფოს მოვალეობა შუაში ჩადგომაა – კობახიძე

“როცა ორი ჯგუფი და საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს, ასეთ დროს სახელმწიფოს მოვალეობაა შუაში ჩადგომა და მხარეების დაცვა აგრესიისგან”, – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 14 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი პოზიციები გააჩნდეთ, თუმცა მათ არ აქვთ ამის გამოხატვის უფლება, ვიდრე პროცესები “კანონის ჩარჩოებში ჯდება”.

“მადლობა უნდა გადავუხადოთ თითოეულ პოლიციელს და მინისტრს, რომელთაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ვითარების განმუხტვაში.

ბუნებრივია, შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდეთ საკუთარი პოზიცია ერთი მოსაზრების მიმართ,  მეორე მოსაზრების მიმართ, მაგრამ ხელისუფლებას არ აქვს მოსაზრებების შეფასების უფლება, ვიდრე ისინი ჯდება კანონის ჩარჩოებში”, – თქვა მან “იმედის” ეთერში.


14 ივნისს საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა არ დაუშვან გეი პრაიდის ჩატარება თბილისში, რომელიც 17 -23 ივნისსაა დაგეგმილი.

“ეს განცხადება  რა თქმა უნდა, შეიძლება აღვიქვათ ძალადობისკენ მოწოდებად. მით უმეტეს, როცა ჩვენ ვნახეთ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები და დავინახეთ, რასაც აკეთებდნენ მაშინ ეკლესიის წარმომადგენლები. თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც ყველას გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული”, –განაცხადა საპასუხოდ პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა.

ამის შემდეგ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა აქცია დაგეგმეს კანცელარიის შენობასთან და განაცხადეს, რომ არ არ დაიშლებოდნენ მანამ, სანამ ხელისუფლების უმაღლესი პირები არ გამოვლენ და არ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას გამოხატვის და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით.

მათ მისვლამდე კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია ულტრამემარჯვენე ძალებმა დაიკავეს და პოლიციამ პრაიდის ორგანიზატორებს კანცელარიასთან ასვლის უფლება არ მისცა. პრაიდის მონაწილეებმა პლაკატები “გამოდი” კანცელარიასთან ასასვლელ კიბეებზე გაშალეს.

ჰომოფობიური კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან არაერთგზის ჰქონდა ადგილი აგრესიულ და ძალადობრივ ქმედებებს: ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები და მუქარა ლგბტ აქტივისტების მიმართ, ისროდნენ სხვადასხვა საგნებს მათი მიმართულებით. მოგვიანებით, ჯგუფმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რა დროსაც 10-მდე მათგანი დააკავეს.

ჯგუფი აგრესიით გამოირჩეოდა ჟურნალისტების მიმართაც:  ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ნეტგაზეთის ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და მიწაზე დაუგდო; „ლიბერალის“ რეპორტიორებს ემუქრებოდნენ და ერთ-ერთი მათგანისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს; შეურაცხყოფა მიაყენეს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტსაც, TV პირველის რეპორტიორს კი ერთ-ერთი მათგანი ხელით შეეხო.

მოგვიანებით პოლიციამ ადგილზე ყვითელი ავტობუსები მოიყვანა. ქვიარ უფლებების აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ავტობუსებით არ დატოვებენ ადგილს და იქამდე არ დაიშლებოდნენ, სანამ ხელისუფლება ძალადობას არ დაგმობდა.

პრაიდის ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერები, რამდენიმესაათიანი აქციის შემდეგ, გვიან ღამით დაიშალნენ.  გიორგი თაბაგარმა აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს მათი მხრიდან საჯარო სივრცის დათმობას და პრაიდის ჩატარებაზე არც იმას, რომ პრაიდის ჩატარებაზე უარს ამბობენ. თაბაგარის თქმით, ისინი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს უბრუნდებიდან და პრაიდის კვირეულის უსაფრთხოებაზე მსჯელობას ორშაბათიდან გააგრძელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი